სექსუალური უმცირესობები

ბოკერია: არ მისცეთ საშუალება სამარცხვინო ჯგუფს, ხელი შეუშალოს თავისუფალ გამოხატვას

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მიესალმა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მოუწოდა - "სიტყვას მოჰყვეს საქმე".
"მინდა მივესალმო იუსტიციის მინისტრის განცხადებას და უკვე შემდეგ პრემიერმინისტრის განცხადებას, სადაც მკაფიოდ ითქვა, რომ ეს ადამიანები არან საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები. მათ აქვთ უფლება ამ საკითხზე გამოთქვან საკუთარი პოზიცია. მინდა აქაც მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ სიტყვას მოჰყვეს საქმე და ეფექტურად, სერიოზული ძალებით, დაიცვან ეს აქცია და არ მისცენ საშუალება იმ სამარცხვინო ჯგუფს, სიძულვილის მქადაგებელ მოძალადეებს, ხელი შეუშალოს ადამიანების თავისუფალ გამოხატვას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ივანიშვილმა, გუშინ, 14 მაისს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობის უფლებები დაცული უნდა იყოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს, 15 მაისს, მოძრაობა ეროვნულების ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ პირველი რადიოს რადიოკლუბში, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ორგანიზატორებად გიგა ბოკერია და ვანო მერაბიშვილი დაასახელა.
"იდენტობას ინსტრუქტაჟს უტარებენ, რომ რუსთაველზე პროვოკაცია მოხდეს, ეს ნაციონალებს აწყობთ, მათ ლობირებს თავისუფლების ინსტიტუტი, ბოკერია და მერაბიშვილი. ადგილიც სპეციალურად შეარჩიეს. ქაშუეთის ეკლესიასთან და 9 აპრილის მემორიალთან. წმინდა ადგილზე ასეთი აქციები არსად არ ტარდება, შეკრებილიყვნენ, მაგალითად, ვაკის პარკში და წინააღმდეგი არავინ იქნებოდა, მე ძალადობას ვგმობ, მაგრამ ფაქტია, რომ იდენტობას არეულობა და დიდი გრანტების მიღება უნდა", - განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები