სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საია: პრემიერის განცხადება გამოძიებისთვის მიმართულების მიცემის საშიშროებას შეიცავს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პრემიერმინისტრის მიერ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე მიმართვა გაავრცელა. 

"პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია, გამართლდნენ არა მხოლოდ კირვალიძე, არამედ სხვა დაკავებულებიც. "თუმცა, ამაში ეჭვი მეპარება, რამეთუ პროცესებს ვაქცევ ყურადღებას და მეც გამაჩნია კითხვები. ბედნიერი ვიქნები თუ კირვალიძე გამართლდება, მაგრამ ეს გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა. ამავე საკითხზე საუბრისას პრემიერმა განაცხადა, რომ ის გამოძიებაში არ ერევა, რაც მისასალმებელია. თუმცა გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, პრემიერის მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ კითხვები მასაც აქვს და ეჭვი ეპარება, თუ რამდენად გამართლდებიან პასუხისგებაში მიცემული პირები, ვფიქრობთ, შეიცავს გამოძიებისთვის გარკვეული მიმართულების მიცემის საშიშროებას. ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ გამოძიებაზე გავლენის მოხდენა პრემიერის სურვილია. უბრალოდ, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთ განცხადებებს ისმენენ, შესაძლებელია ავტომატურად მოექცნენ ასეთი გავლენის ქვეშ. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, პირადად კირვალიძის მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს და, შესაბამისად, გაუგებარია მის გამართლებაზე საუბარი", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ პირველ მაისს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო  შპს მექანიზატორის მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს.
 

კომენტარები