ინციდენტი La Truffe-ში

რესტორან La Truffe-ში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

Netgazeti

თამარაშვილის ქუჩაზე, ფრანგულ რესტორან La Truffe-ში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ დავით საყვარელიძესა და გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ. მათ ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიღებული - ვაშაძეს თავი გაუტყდა, ხოლო საყვარელიძეს ცხვირი. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ზაზა გოროზიას, რომელიც ასევე რესტორანში იმყოფებოდა, მოტეხილი აქვს ხელი. როგორც დეპუტატები, ისე ზაზა გოროზია რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათი ცნობით, სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის ფაქტზე აღიძრა. სამართალდამცველებმა საქმეზე მოწმის სახით უკვე დაკითხეს ბექა მაზიაშვილი, მამუკა ბაკურია და მანანა გიორგობიანი. ასევე დაიკითხა რესტორნის მომსახურე პერსონალი. ისინი უახლოეს დღეებში დაკითხავენ ჩვენებებში ნახსენებ პოლიტიკოსებსაც. შსს-ს ცნობით, მათ შესაბამისი უწყებები უკვე დაეგზავნათ. 

"კლუბ-რესტორან la truffe-ში, დაახლოებით 24:00 საათზე, რესტორნის ქვედა სართულზე, მაგიდებთან მსხდომ სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. დაკითხული მოწმეები ჩვენებაში დეტალურად აღწერენ, რომ სტუმრებს შორის ჩხუბი 10-15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მათი განმარტებით, მომხდარი ინციდენტის დროს სტუმართა ნაწილმა რესტორანი დატოვა, მათ შორის იყო ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი მეუღლესთან ერთად. მოწმეების თქმით, რესტორანში სტუმრად იყვნენ ასევე პარლამენტის წევრები, დეპუტატები: გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარ ინციდენტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიისკენ მიმართულ ანგარიშსწორებად აფასებს. პარტიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვენ, გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს. სპეციალური განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში დავით ბაქრაძემ და გოკა გაბაშვილმა გააკეთეს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ინციდენტი იმ აგრესიული კამპანიის გაგრძელებაა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს. დავით ბაქრაძე იხსენებს რამდენიმე ძალადობრივ შემთხვევას, მათ შორის - ქუთაისში, პარტიის ოფისთან მომხდარ ინციდენტს და 8 თებერვლის მოვლენებს. ის თვლის, რომ აგრესია ხელისუფლების მიერაა წახალისებული. 

"წინა ინციდენტებში დაკავებული ადამიანები მხოლოდ 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ეს იყო ძალადობის წახალისება და მათთვის სიგნალის მიცემა, რომ ხელისუფლება იწონებს და აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს. დღეს სასწორზე დგას ის, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ - გვექნება ქვეყანა, სადაც განსხვავებული პოზიციების გამო ადამიანები არ იდევნებიან, თუ დავბრუნდებით 90-იან წლებში, როდესაც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები სხვადასხვა ტიპის საძმოების მხრიდან დევნისა და თავდასხმების ობიექტები იყვნენ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები