მანჩესტერ იუნაიტედი

ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედს ტოვებს

Eric Gaillard / Reuters

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

ცნობა ამის შესახებ იუნაიტედის ვებგვერდზე გავრცელდა, სადაც კლუბი ოფიციალურად ადასტურებს, რომ 26 წლის შემდეგ შოტლანდიელი სპეციალისტი გუნდს აღარ უთავკაცებს.

ფერგიუსონი გუნდს სათავეში 1986 წელს ჩაუდგა და 5 FA Cup-ი, 4 ლიგის თასი და 13 პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. შოტლანდიელის თავკაცობით, იუნაიტედი ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ერთხელ კი ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მას შემდეგ, რაც ფერგიუსონის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა, ბუკმეიკერებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ მისი შემცვლელი, ევერტონის ახლანდელი მწვრთნელი დევიდ მოიესი იქნება. მერსისაიდურ კლუბს, შოტლანდიელი 2002 წლის შემდეგ თავკაცობს და აღსანიშნავია, რომ იუნაიტედთან შედარებით მცირე ბიუჯეტის ქონის მიუხედავად, ევერტონი მაინც სტაბილურად ასპარეზობს.

მოიესის გარდა, მანჩესტერულ კლუბს უკავშირებენ მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოსაც. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მოურინიოს ლონდონის ჩელსიში დაბრუნებას ვარაუდობდნენ, ფერგიუსონის იუნაიტედიდან წასვლის ცნობის გაჟღერების შემდეგ, პრესა ვარაუდობს, რომ შესაძლოა ინგლისის ჩემპიონი სწორედ პორტუგალიელმა ჩაიბაროს.

კომენტარები