ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალურმა მოძრაობამ დასაქმების საკუთარი კონცეფცია გამოაქვეყნა

ნაციონალურმა მოძრაობამ დასაქმების საკუთარი კონცეფცია გამოაქვეყნა. დასაქმების გეგმა 4 ძირითადი პუნქტისგან შედგება.

კონცეფციაში ნათქვამია, რომ "ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის გამო", დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები:
1. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის სტიმულირების მიზნით, აუცილებელია მოხდეს გადასახადების შემცირება ისე, როგორც ეს იყო დაგეგმილი საგადასახადო კოდექსში 2012 წლის დეკემბერში მიღებულ ცვლილებებამდე და მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს შრომის ბაზრის თავისუფლება;
2. სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი. ამიტომ დაცულობისა და სტაბილურობის განცდა კერძო სექტორში მნიშნელოვანია დასაქმების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს 2-წლიანი მორატორიუმი ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ გარემოზე; საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს კანონი ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ამნისტიისა და დაფარული გადასახადების ლეგალიზაციის შესახებ, რომელიც ჩადენილია 2013 წლის 1 იანვრამდე; მოხდეს ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია; აიკრძალოს სასამართლოს ნებართვის გარეშე კერძო მფლობელობაში არსებული კომპანიების შემოწმება სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ; 
3. დასაქმების ზრდა შეუძლებელია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ამისათვის კი აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების შენარჩუნება, ხოლო, შესაძლებლობის შემთხვევაში, გაუმჯობესება, რათა მოხდეს მთავრობის სუვერენულ რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება;
4. ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა მკვეთრ სტიმულს მისცემს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს. ამიტომ, უნდა დაჩქარდეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მოლაპარაკებები აშშ-სთან", - აღნიშნულია ნაციონალური მოძრაობის დასაქმების კონცეფციაში.

კომენტარები