პარლამენტის თავჯდომარე

უსუფაშვილი: სააკაშვილსა და მის გუნდს სასამართლოებში არსებული მდგომარეობის შეცვლა არ სურთ

პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონში გახორციელებული ცვლილებების წინააღმდეგ , მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს არანაირი არგუმენტი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ მათ სასამართლოებში არსებული მდგომარეობის შეცვლა არ სურთ. 

"ვეჭვობ, რომ პრეზიდენტმა რაიმე ისეთი საყურადღებო შემოგვთვაზოს, რასაც ჩვენ გავიზიარებთ. ასე რომ, პარლამენტში მოსალოდნელია კენჭისყრა და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ვეტოს წარმატებით დაძლევს. ჩვენ მიერ მიღებული კანონები სასარგებლოა ქვეყნისთვის, სასამართლოსთვის, რაზეც ძალიან პირდაპირ და მკაფიოდ მიუთითებს ყველა, მათ შორის ვენეციის კომისიაც. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის ერთადერთი არგუმენტი, რისთვისაც ეს რეფორმა დაბლოკა და შეაფერხა, არის ის, რომ თითქოს ვენეციის კომისიის დასკვნები არ გავიზიარეთ. ყველამ მოისმინეთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება იმის შესახებ, რომ ვენეციის კომისია ცვლილებებს მიესამლება და თვლის, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და დიდი ხანია ეს გასაკეთებელი იყო. არგუმენტი მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვთ, გარდა იმისა, რომ მათ არ სურთ შეიცვალოს მდგომარეობა სასამართლოებში. სასამართლოებში მდგომარეობა უკეთესობისკენ და მოსამართლეების მეტი დამოუკიდებლობისკენ შეიცვლება, რაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს სჭირდება" - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ< რომ მიხეილ სააკაშვილმა ამჯერად პარლამენტის მიერ მიღებულ ორ საკანონმდებლო ინიციატივას არ მოაწერა ხელი. მან ვეტო დაადო საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს და ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გახორციელებულ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც, ბრალდებულის მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა ბრალდების მხარესთან შეთანხმების საგანი ხდება.

კომენტარები