პრეზიდენტის გამოხმაურება

ბათუმის საკრებულო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის მერიისთვის გადაცემას ითხოვს

 

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს განცხადებას გამოეხმაურა. ბათუმის საკრებულო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის მერიისთვის გადაცემას ითხოვს. ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გადასვლა აჭარის უმაღლეს საბჭოსაც უნდოდა, თუმცა ბოლოს გადაწყვიტეს, რომ ფართი ორივე უწყებისთვის საკმარისი არ იქნებოდა და ამიტომ, საკანონმდებლო ორგანომ პოზიცია მერიის სასარგებლოდ დათმო.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბათუმის მერიის განცხადება, რომ თვითონ დაიკავებს უნივერსიტეტისთვის აშენებულ შენობას, "ძნელი დასაჯერებელია".

თქვენ იცით, რომ ჩვენ ბათუმში ავაშენეთ ძალიან მაგარი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ეს უნდა ყოფილიყო ამერიკული ტექოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც ქართველების უმეტესობა განათლებას მიიღებდა უფასოდ, ამაზე გრანტები იყო გამოყოფილი, ჩამოვიყვანდით საუკეთესო პროფესორებს, მოგვიმზადებდნენ საუკეთესო ინფორმატიკის სპეციალისტებს, მშენებლებს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს და ის, რაც ჯდება ამერიკაში 50 000 დოლარი, აქ ქართველების უმეტესობისთვის იქნებოდა უფასო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, 1 ოქტომბრის შემდეგ ეს პროექტი გაიყინა. "დღეს გავიგე ისეთი ამბავი, რომელიც ძალიან ძნელი დასაჯერებელია, ბათუმის მერიამ თქვა, რომ უნივერსიტეტი აღარ იქნება და ჩვენ უნდა გადავიდეთ და ჩვენ დავჯდეთ იქ, უნივერსიტეტის შენობაშიო. მოეწონათ შენობა ბიჭებს, წარმოუდგენიათ, აუდიტორიებს როგორ გადააკეთებენ თავის კაბინეტებად, ფეხს ფეხზე როგორ შემოიწყობენ და როგორ აიღებენ ქრთამებს წყნარად და როგორ ჩააწყობენ საქმეებს. რამე მაინც აეშენებინათ, რაც მოვიდნენ, ლაპარაკობენ ნგრევაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის მერიისთვის გადაცემის მოთხოვნით, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურად უკვე მიმართა.

კომენტარები