წმინდა სინოდის სხდომა

სინოდს ID ბარათებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიუღია

დღეს გამართული წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ, მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა სხდომის მიმდინარეობისას განხილულ საკითხებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. უფრო კონკრეტულად სინოდის საგაზაფხულო სესიის გადაწყვეტილებათა შინაარსის შესახებ, საღამოს, სხდომის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობილია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბოდბელი ეპისკოპოსი დავითი პენსიაზე საკუთარი სურვილით გავიდა - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ფოთელმა მიტროპოლიტმა, გრიგოლ ბერბიჭაშვილმა გააცნო. გამოთავისუფლებულ კათედრაზე პატრიარქის ქორეპისკოპოსი, იაკობი დაინიშნა. მეუფე იაკობის ამჟამინდელი, გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია კი მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა (რომელსაც უშუალოთ კათალიკოს-პატრიარქი ხელმძღვანელობს).

მიტროპოლიტმა გრიგოლმა ასევე განაცხადა, რომ ეკლესიას ID ბარათებთან და ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ტაძრების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ხელახლა იგივე საკითხზე მსჯელობის აუცილებლობა არ დგას.

 "ჩვენ, როგორც წესი, სინოდზე მრავალ საკითხზე ვსაუბრობთ. არის საკითხები, რომლებიც მოისმინეთ და რომელზეც სინოდმა დადგენილება მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, რომელთა მიმართაც ეკლესიას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ვფიქრობ, არ არსებობს აუცილებლობა, კვლავ და კვლავ ერთი და იგივე საკითხზე მსჯელობისა. როცა დადგება ამის აუცილებლობა, ეკლესია თავის სიტყვას იტყვის", - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

წმინდა სინოდის 2012 წლის 5 ივლისს სხდომის ოქმში ნათქვამია:

”წმინდა სინოდი აცხადებს: სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.”

აღნიშნულის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ის კვლავ აპირებს აღნიშნულთან დაკავშირებით წმინდა სინოდს მიმართოს. თუმცა როგორც მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილის განცხადებიდან ირკვევა, ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანო არ აპირებს აღნიშნულ თემაზე ხელახალი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს ეკლესიის მართვა გამგეობის დებულების თანახმად, წმინდა სინოდი, როგორც ადგილობრივი ეკლესიის უმაღლესი აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება წელიწადში არანაკლებ ორჯერ უნდა შეიკრიბოს. მისი მოწვევის უფლება პატრიარქს ან საჭიროების შემთხვევაში მის მოსაყდრეს აქვს. 

კომენტარები