საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის შეხვდა. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში შედგა. საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გაღრმავება იყო. მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს და აღნიშნეს, რომ დემოკრატიული ინტიტუტების შენარჩუნებისა და რეფორმების შემდგომი გაგრძელების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია.
"ქართულმა მხარემ კვლავაც გამოხატა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი და ამ თვალსაზრისით, ყურადღება აშშ-ის მხარდაჭერის აუცილებლობის თაობაზე გაამახვილეს. ჯონ კერიმ საქართველოს პრეზიდენტს პირადი, ძლიერი მხარდაჭერა აღუთქვა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა. ამას გარდა მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ბევრი მიმართულებითაც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას. შეხვედრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ", - ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-ის გვერდზე.





