ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

ალასანია: ჩვენ მთავრობას არ აქვს იმის ილუზია, რომ უახლოეს წლებში რუსეთი პოზიციას შეიცვლის

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

გადაცემა პოზიციაში მონაწილეობისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განმარტა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში არანაირი ცვლილება საფრთხეების შეფასებასთან დაკავშირებით არ შესულა. მისი თქმით, საუბარი იყო ქვეყნის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე, რომელზეც სააკაშვილის ადმინისტრაცია მუშაობდა.
„როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი დოკუმენტი არ შეგვექმნა. გვინდა ასევე დავნერგოთ მემკვიდროებითობაც ქართულ სახელმწიფოში. ამიტომაც გავაგრძელეთ დოკუმენტზე საუბარი. პრემიერმა რაც ახსენა, ზუსტად ის არის, რაც მე განვმარტე. დაემატა ჩანაწერი სადაც საუბარია იმაზე, რომ ახალი რეალობა, რომელიც გაჩნდა – მოლაპარაკება რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო, ჰუმანიტარულ და სატრანსპორტო თემებზე – აჩენს ახალი, ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ პოტენცია ჩვენი ურთიერთობების დარეგულირების არსებობს", – განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობაში საუბარი არ ყოფილა საფრთხეების გადახედვის საკითხზე.
„ჩვენთვის ისევე წარმოადგენს საფრთხეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული შეიარაღებული ძალები, როგორც ეს იყო 6 თვის წინ. არავინ არც აპირებდა და არც აპირებს ამ საფრთხეების განცდა და შეფასებები შეცვალოს. იმიტომ რომ ეს არის ობიექტური რეალობა ადგილზე. სწორედ ეს რეალობა აქვთ მიღებული ფაქტობრივ გარემოებად ჩვეს პარტნიორებს NATO-სა და ევროკავშირში. სწორედ ამიტომომაც, ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, რომ ის შეთანხმება რაზეც ხელი მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოში იყოს შესრულებული და დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოხერხდება ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გავა რუსული ჯარი", – განაცხადა ალასანიამ.
ირაკლი ალასანიას თქმით არანაირი შერბილება საქართველოს პოზიციაში, ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე, ან თუნდაც დეოკუპაციის ხარჯზე, არ მომხდარა და არც მომავალში მოხდება. მინისტრი აცხადებს, რომ ცვლილება არის მხოლოდ ის, რომ რუსეთთან მიმართების პრაგმატიზმი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში.
„ჩვენ მართლაც ის რიტორიკა, ის სამხედრო რიტორიკა შევამცირეთ და ესეც უნდა იყოს. ასეთ პოლარიზებას არ მოაქვს არანაირი სიკეთე საქართველოს NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრირების გზაგე... ჩვენ მთავრობას და ჩვენ პრემიერმინისტრს არანაირი ილუზია არ აქვს იმის, რომ უახლოეს წლებში რუსეთის მთავრობა შეიცვლის პოზიციას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ან თუნდაც ჩვენს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.... თუმცა, ჩენი პოლიტიკის მიზანია არ მივცეთ არანაირი მიზეზი რუსეთის ფედერაციას, რომ საგარეო პოლიტიკური თავსახმები მოაწყოს საქართველს მიმართ", – აცხადებს ალასანია.

კომენტარები