შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 მაისის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული პირები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.გათავისუფლებულების თქმით, საქმის განხილვა რამდენიმე დღეში დაიწყება.
ლაბორატორია 1918-ის ორგანიზებით მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისში აქცია ჩატარდა. აქციის მსვლელობისას ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგადაც პოლიციამ ლაბორატორია 1918-ის 15-ზე მეტი წევრი დააკავა. პოლიციის განცხადებით, ისინი მსვლელობისას გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, ხელი შეუშალეს ტრანსპორტის გადაადგილებას და დააზიანეს მოქალაქის მანქანა. აქციის მონაწილეების თქმით, დემონსტრაცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა და მხოლოდ მას შემდეგ მოხდა დაპირისპირება, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.
აქციის მონაწილეების დაკავებას გამოეხმაურა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც. ორგანიზაციის თქმით, აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და პოლიციას შეეძლო სიტუაციის აქციის მონაწილეების დაკავების გარეშე განმუხტვა.





