აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2012 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მსოფლიოში ადამიანთა უფლებების დაცვის შესახებ 2012 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ჟურნალისტებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ წარუდგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1-ელ ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის დემოკრატიისკენ წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ქვეყნის დამოუკიდებლობიდან პირველად, ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით გადაბარება მოხდა. იქვე აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული იყო, ’’აღინიშნებოდა ხისტი რიტორიკა და ძალადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა’’.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წელს ადამიანთა უფლებების დაცვის მხრივ სერიოზული პრობლემები აღინიშნებოდა, პატიმართა წამება და შეურაცხყოფა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული არასათანადო პირობები, ნაკლოვანებები კანონის უზენაესობის მხრივ და კორუფციის მაღალი დონე.

’’საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების 25-ზე მეტ მაღალჩინოსანს წაუყენეს ადამიანთა წამების, უფლებამოსილების გადაჭარბებისა და კორუფციის ბრალდება’’, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში არსებული ვითარება, კვლავინდებურად ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლს მიღმაა. 

’’მათი ხელისუფლება კვლავ ეყრდნობა ათასობით რუსი სამხედროსა და მესაზღვრეს მხარდაჭერას, რომელთაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ოკუპირებული აქვთ ტერიტორია. აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაშია, თუმცა ორივე ტერიტორიაზე ფიქსირდება ძალადობის შემთხვევები. რუსი მესაზღვრეები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას ზღუდავენ. დე ფაქტო ხელისუფლები აგრძელებენ ადამიანთა უფლებების შეზღუდვას, განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველების, უზღუდავენ მათ არჩევნებში ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის, საკუთრების ფლობის, ბიზნესის დარეგისტრირების უფლებასა და მოგზაურობას. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა იმ ეთნიკური ქართველების უკან, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაბრუნებაზე, რომელთაც რეგიონი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დატოვეს. დე ფაქტო ხელისუფლებმა ნება არ დართეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, გარდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დახმარება გაეწიათ’’, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

კომენტარები