19 აპრილის აქცია

დავით ბაქრაძე: ეს არის ჩვენი ამოცანა, ვიყოთ თავისუფლები, ვიყოთ ღირსეულები და ვიყოთ ევროპაში

ნაციონალური მოძრაობის აქციაზე შეკრებილებს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მიმართა. ’’თქვენი აქ მოსვლით ყველას დაანახეთ, რომ ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია. ჩვენ ცოცხლები ვართ. აქ ხართ ყველა ის ადამიანი, ვისაც გიყვართ ქვეყანა და ვინც მზად ხართ ქვეყნის გულისთვის გააკეთოთ ყველაფერი’’, - აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, წინა ოპოზიციური ძალებისგან განსახვავებით, ისინი ხალხს არეულობისა და მთავრობის ჩამოგებისკენ არ მოუწოდებენ და საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია.

’’ეს არის ჩვენი ამოცანა, ვიყოთ თავისუფლები, ვიყოთ ღირსეულები და ვიყოთ ევროპაში’’, - აღნიშნა უმცირესობის ლიდერმა. 

ბაქრაძემ შეკრებილებს ქართული ოცნების საარჩევნო დაპირებები შეახსენა:

’’6 თვე გავიდა არჩევნებიდან. რა ხდება, რა შეიცვალა უკეთესობისკენ. სად არის ის მოლოდინები, რაც ჩვენს ხალხს ჰქონდა 6 თვის წინ. რა შეიცვალა. სიღარიბე შემცირდა? უმუშევრობა შემცირდა? გარდა მთავრობის ნათესავებისა, ვინმე დასაქმდა თქვენს გარშემო? ვინმე იცით, რომ სამსახური იშოვნა და დღეს უკეთ ცხოვრობს?’’ - განცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია არ მისცემს მთავრობას უფლებას, არ შეასრულოს თავისი ვალდებულება.

’’გაიხსენეთ, ერთი წლის წინ ამ დროს რამდენი მშენებლობა იყო მთელ საქართველოში, ეხლა გადახედეთ და მითხარით სადმე რამე შენდება? სად არის ეს მშენებლობები, სად არის ეს დაკარგული სამუშაო ადგილები? ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხი ელოდებოდა ამ ხელისუფლებისგან? სწორედ ამიტომ ვართ კრიტიკულები. სწორედ ამიტომ სჭირდება ამ ქვეყანას საღი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და ძლიერი ოპოზიცია. სწორედ ამიტომ, რომ არ მივცეთ მთავრობას უფლება, არ შეასრულოს თავისი ვალდებულება ხალხის წინაშე. საქართველოს არ სჭირდება წარსულთან მებრძოლი მთავრობა, სჭირდება მთავრობა, რომელიც მომავალს ააშენებს’’, - განაცხადა დავით ბაქაძემ.

 

კომენტარები