19 აპრილის აქცია

ფიქრია ჩიხრაძე: დღევანდელი აქცია ოპოზიციას მამობილიზებელი მდგომარეობის შესაქმნელად სჭირდება

პარტია ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე, ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ დღეს დაგეგმილი აქცია, ნაციონალურ მოძრაობას, ’’როგორც ოპოზიციურ ძალას სჭირდება, იმისთვის რომ მამობილიზებელი მდგომარეობა შექმნას’’.

’’ჩემი აზრით, დღევანდელი აქცია ჩაფიქრებულია, ერთი მხრივ, საკუთარი ძალების მოსინჯვისა, მეორე მხრივ - იმ იდეების მოსინჯვისთვის, რომელიც უნდათ, რომ მათი პოლიტიკაში ყოფნის მახასიათებელი იყოს. არ მგონია, რომ რაიმე ექსცესური მოვლენები იგეგმებოდეს ორგანიზატორების მხრიდან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არც სხვა ვინმესგან დაიგეგმება ასეთი რამ, იმიტომ რომ 8 თებერვლის გამოცდილება საკმაოდ მძიმე იყო. იმედი მაქვს, შესაბამისი სტრუქტურები მოახერხებენ იმას, რომ თუ იარსებებენ აგრესიულად განწყობილი გარკვეული ჯგუფები, მათ არ ჰქონდეთ მომიტინგეებთან მისვლის შესაძლებლობა’’, - განაცხადა ტაბულასთან საუბარში ფიქრია ჩიხრაძემ. 

მისივე თქმით, დღეს მიტინგზე გასული ადმიანების რაოდენობით ’’არ დაითვლება, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს დასავლურ ორიენტაციას’’.

’’მე, ჩემი პოლიტიკური ჯგუფი, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები, ამ ორიენტაციას ვუჭერთ მხარს, მაგრამ ამ აქციაში არ ვიღებთ მონაწილეობას, ასე რომ, არ უნდა მოხდეს ექსკლუზივის უფლების გამოცხადება დასავლურ ღირებულებებზე, ეს მხოლოდ დააზარალებს საქმეს’’, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. 

კომენტარები