19 აპრილის აქცია

შსს გზების გადაკეტვისა და დამატებითი პარკინგის გამოყოფის შესახებ იუწყება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზედიზედ ორი განცხადება გაავრცელა 19 აპრილის აქციის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. 
პირველ განცხადებაში სამინისტრო მოსახლეობას აცნობებს, რომ  ხვალინდელი საპროტესტო აქციის გამო, თბილისში რამდენიმე ქუჩა და მოედანი გადაიკეტება.  
„12:00 საათიდან მიტინგის დასრულებამდე სამანქანო მოძრაობა შეწყდება რუსთაველის გამზირზე, ვარდების მოედანზე, თავისუფლების მოედანზე, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე, ასევე თაბუკაშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
 ამავე განცხადებაში ჩამოყალიბებულია 19 აპრილს სამინისტროს საქიანობის ძირითადი მიზანი - „უზრუნველყოს პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეკრების (მანიფესტაციის) მშვიდობიანი ფორმით ჩატარება და არ დაუშვას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“.  
ამასთან, სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ ახსენებენ საკუთარ ვალდებულებებს.
„აქციის მონაწილეებს შევახსენებთ, რომ მათ ეკრძალებათ: ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი; ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებული იქნას შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით; გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერება; დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები; ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში. 
მეორე განცხადებაში კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს პარკინგისთვის დამატებით გამოყოფილ ადგილებს აცნობს; ესენია: „კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიის შენობის წინა და უკანა სადგომები, ხოლო დასაცავი პირებისა და პარლამენტის წევრებისათვის პარლამენტის შენობის უკანა ავტოსადგომი“.

კომენტარები