19 აპრილის აქცია

შსს: საქართველოს მასშტაბით არცერთ რაიონში პოლიცია არ ახდენს ზეწოლას ნაცმოძრაობის აქტივისტებზე

„საქართველოს მასშტაბით არცერთ რაიონში პოლიცია არ ახდენს ზეწოლას ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე და არ აფერხებს 19 აპრილის აქციაზე მათ დასწრებას“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-მ საგანგებო განცხადება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების საპასუხოდ გაავრცელა. 
შეგახსენებთ, დღეს, 18 აპრილს, გამართულ პრესკონფერენციაზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, რომ პანიკური კამპანია, რომელიც მთავრობის მხრიდან წარმოებს, რომ ხვალ რაღაც სახიფათო ელოდება ქვეყანას, არის სრული ტყუილი.
„სიმართლე არის ის, რომ ხელისუფლება არის სრულ ისტერიკაში. ეს გამოიხატება ჩვენი აქტივისტების დევნაში, რომელშიც გამოყენებული არიან სამართალდამცვები“, - განაცხადა გაბაშვილმა და განმარტა, რომ სამართალდამცავების მხრიდან აქტივისტების დაშინების შესახებ ინფორმაციას თითქმის ყველა რეგიონიდან იღებენ.
შსს გაბაშვილის ამ განცხდებას „სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი „აბსურდული ბრალდებები მიზნად ისახავს პოლიციის დისკრედიტაციას და პოლიტიზირებას“.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა და კატეგორიულად გააფრთხილა სამინისტროს თანამშრომლები, რათა მათ ხელი არ შეუშალონ  19 აპრილის აქციის მზადებას და არ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.
მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ  დეზინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, - ნათქვამია შსს-ს განცახდებაში.

კომენტარები