უშიშროების საბჭო

უშიშროების საბჭო: თუ ზაქარეიშვილს თანამშრომლობა სურს, პირდაპირი კომუნიკაცია საკმარისია

საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომების გამართვასა და უშიშროების საბჭოს მდივანთან თანამშრომლობას შეეხებოდა, წერილი გაავრცელა. 

"ვინაიდან ბატონი პაატა ზაქარეიშვილი ამ თემებზე სპეკულირებას საჯარო სივრცეში აგრძელებს, მიზანშეწონილად ვთვლით, გავაკეთოთ ზოგიერთი განმარტება: პირველი რიგში, გვინდა დავაზუსტოთ, რომ კანცელარიის შენობაში განთავსებულია უშიშროების საბჭოს აპარატი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს. უშიშროების საბჭოში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, კანონმდებლობით განსაზღვრული მუდმივმოქმედი წევრები - საქართველოს პრემიერმინისტრი, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი შედიან. ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, როცა აღმასრულებელ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გუნდი წარმოადგენს, ბუნებრივია, უშიშროების საბჭოს სხდომების გამართვა ორმხრივი თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია. საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრს პირადი შეხვერდის დროსაც და საჯაროდაც შესთავაზა, გამართულიყო უშიშროების საბჭოს სხდომა. ანალოგიური წინადადებით მმართველი გუნდის წევრებს უშიშროების საბჭოს მდივანმაც მიმართა, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემხვედრი მზაობა არ გამოუხატავს. ასეთ პირობებში პრეზიდენტის მხრიდან უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნებოდა. თუკი ბატონ პაატა ზაქარეიშვილს უშიშროების საბჭოს შეკრებასთან დაკავშირებით წუხილები აქვს, მან ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ რიგში საქართველოს პრემიერმინისტრს უნდა მიმართოს", - ნათქვამია განცხადებაში. 

უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უშიშროების საბჭოსთან ფუნქციონირებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი კომისია, რომელშიც სხვა სამინისტროებთან ერთად, ზაქარეიშვილის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილიცაა წარმოდგენილი.

"აღნიშნულ ფორმატში კომისია სამინისტროსთან თანამშრომლობდა ისეთ დოკუმენტებთან დაკავშირებით, როგორიცაა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის პროექტი, ასევე საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიაში ცვლილებების პროექტი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რეინტეგრაციის სამინისტროს, თავის მხრივ, კომისიისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანილი ცვლილებების პროექტი არ მოუწოდებია.
უშიშროების საბჭოს აპარატი ასევე აქტიურად თანამშრომლობს რეინტეგრაციის სამინისტროსთან სხვა მიმართულებითაც, სახელდობრ, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათშორისი კომისიის ფორმატში და კვლავ ადასტურებს მზაობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა არა მხოლოდ აღნიშნულ სამინისტროსთან, არამედ სხვა უწყებებთანაც, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება.
ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სწორედ უშიშრობის საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფს, რომელსაც ახალ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობით ტრანზიციის პროცესი უნდა უზრუნველეყო. სწორედ ორმხრივი თანამშრომლობის გარემოში მიმდინარეობდა ეს პროცესი, როცა ცალკეულ სამინისტროებში არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მივლენა წინასწარ ხდებოდა. ამავე პროცესის ფარგლებში ახალი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებმა სრულფასოვანი ბრიფინგი მიიღეს შესაბამის სფეროები მიმდინარე პროცესებისა და საქართველოს სახელმწიფოს პოზიციების თაობაზე. მათ შორის იყო პაატა ზაქარეიშვილიც, რომელსაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მონაწილეობის შესაძლებლობა ადრეულ ეტაპზევე მიეცა. ყოველივე ეს ნორმალური ცივილიზებული პრაქტიკის შესაბამისად წარიმართა. თუ ბატონ პაატა ზაქარეიშვილს უშიშროების საბჭოს მდივანთან ან საბჭოს აპარატის რომელიმე თანამშრომელთან დამატებითი თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა, საკმარისი იქნებოდა ამის შესახებ ტელევიზიით საჯარო განცხადებების გაკეთებამდე ჩვენს უწყებასთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონოდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა, მედიასთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ 6 თვეა ქვეყანაში უშიშროების საბჭო არ შეკრებილა.

კომენტარები