შუალედური არჩევნები

შუალედურ არჩევნებში ქადაგიძემ კორძაიას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

ზურაბ ქადაგიძემ, ნაძალადევის რაიონში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, ქართული ოცნების კანდიდატის - თამარ კორძაიას სასარგებლოდ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 
"როგორც რიგით ნაძალადეველს, არ მაქვს უფლება, არ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა და არ დავდგე თამარ კორძაიას გვერდით", - განცხადა ქადაგიძემ ქართული ოცნების ოფისში კორძაიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. 
ამ გადაწყვეტილების მიზეზად ქადაგიძემ ორი ფაქტორი დაასახელა. პირველი ის, რომ მისმა შტაბმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც მას ნათლად დაანახა, რომ კორძაიას რეიტინგი მაღალია და იგი უალტერნატივოა. მეორე ფაქტორად კი ქადაგიძემ შემდეგი დაასახელა:
"მე პირველ ოქტომბერსაც ვიდექი ქართულ ოცნების გვერდით და ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის სრული დემონტაჟი მხოლოდ ამ ძალას შეუძლია", - განაცხადა ქადაგიძემ.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს იმართება შუალედური საპარლამენტო არჩევნები საქართველოს სამ საარჩევნო ოლქში - ნაძალადევში, სამტრედიასა და ბაღდათში.

კომენტარები