აგვისტოს ომის გამოძიება

კბილაშვილი: ძალიან ზოგადი ლოგიკით, შესაძლებელია მოხდეს პრეზიდენტის დაკითხვაც

დღეს, 16 აპრილს, ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა შესაძლებლად მიიჩნია. 
"ვინ უნდა იყოს დაკითხული, წინასწარ არავითარი განსაზღვრულობა არ არის, მაგრამ მას შემდეგ რაც ჯგუფი შეიქმნება, ჩამოყალიბდება საგამოძიებო გეგმა, განისაზღვრება საგამოძიებო მოქმედებები და, მათ შორის, გამოძიების კვალობაზე იმ პირთა დაკითხვის აუცილებლობა, ვინც თემასთან არის შემხებლობაში. ძალიან ზოგადი ლოგიკით, შესაძლებელია მოხდეს ან გათვალისწინებული იქნეს პრეზიდენტის დაკითხვაც. საუბარია როგორც საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთ შემადგენელზე და არა რაღაც თვითმიზანზე, რომ ეს კეთდება იმიტომ, რომ პრეზიდენტი დაიკითხოს და საკითხს მიენიჭოს რაიმე პოლიტიკური შემადგენელი", - განაცხადა კბილაშვილმა.
ამასთან, მთავარი პროკურორის თქმით, აგვისტოს ომის გამოძიების ერთადერთი მიზანი იმის დადგენა იქნება, ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულს და ვინ ჩაიდინა ის, განურჩევლად მისი ეროვნებისა. 
"სწორად უნდა იქნეს ნათქვამი და, შესაბამისად, ნათქვამის ინტერპრეტირებაც უნდა მოხდეს სწორად. ეს თემა ბოლო პერიოდში წამოიჭრა მას შემდეგ, რაც გაცხადდა ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს 2008 წლის აგვისტოს ომის სამართლებრივი მხარის დადგენა. ვიმეორებ, რომ აქ საუბარია იმის დადგენაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულს. ეს არის სამართალდამცველი ორგანოების ფუნქცია. ჩვენ არ ვახორციელებთ და არ განვახორციელებთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შეფასებას მომხდარის, არ შევეცდებით მიზანშეწონილობის შეფასებას საომარი თუ სამხედრო ოპერაციის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს ერთი კონკრეტული და ვიწრო მოცემულობა, რომ დავადგინოთ ჰქონდა თუ არა იმ კონფლიქტის დროს ადგილი ომის დანაშაულს და ვინ ჩაიდინა ის, განურჩევლად მისი ეროვნებისა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. 
მთავარმა პროკურორმა განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებითაც, რა მოხდება იმ შემთხევაში, თუ ქვეყნის პრეზიდენტი აგვისტოს ომის თემაზე გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს. კბილაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო პროცედურები გაჩერდება მანამ, სანამ მას პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა არ ამოეწურება.
"საქართველოს კანონმდებლობა არის ასეთი მოცემულობის - მოწმის სახით რომ პირი დაიკითხოს, კანონი არ იცნობს არანაირ გამონაკლისს, ეს ეხება პრეზიდენტსაც და სხვებსაც. სხვა საკითხია, როცა მოწმედ გამოძახებული პირი უარს ამბობს დაკითხვაზე. თუ იქნება ისეთი შემთხვევა, რომ პრეზიდენტი იქნა გამოძახებული მოწმედ, არ გამოცხადდება ან უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, მაშინ ვერავითარი პროცედურა ვერ ჩატარდება, რადგან კონსტიტუციის ძალით პრეზიდენტი ხელშეუვალია და არ შეიძლება მისი იძულებით მიყვანა დაკითხვაზე. ამ შემთხვევაში ყველა ეს პროცედურა გაჩერდება მანამ, სანამ პრეზიდენტს შესაბამისი უფლებამოსილება არ ამოეწურება. მართალია, სახეზე გვექნება დარღვევა, რაც გამოხატული იქნება იმით, რომ ის დაკითხვაზე და ჩვენების მიცემაზე უარს განაცხადებს, მაგრამ რაიმე სამართლებრივი მექანიზმი პრეზიდენტობის პერიოდში კანონით გათვალისწინებული ვერ იქნება", - განაცხადა კბილაშვილმა.

კომენტარები