განათლების მინისტრი

მარგველაშვილი: სასკოლო სახელმძღვანელოების მოცულობა, სავარაუდოდ, შემცირდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა, ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების მოცულობა, სავარაუდოდ, შემცირდება. მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

"სახელმძღვანელოების სიდიდე და მოცულობა არის დიდი. მიდის სტამბებთან მოლაპარაკება, რომ მოხერხდეს წიგნების დაშლა უფრო მცირე ერთეულებად და, შესაბამისად, ბავშვები არ იყვნენ განწირულნი სქოლიოზისთვის", - განაცხადა მარგველაშვილმა

მან ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია წიგნებისა და სამუშაო რვეულების განცალკევებაც, ''რათა სახელმძღვანელოს შეძენა ყოველწლიურად არ გახდეს აუცილებელი''.

მინისტრის ცნობით, შეკვეთას ყველა ის სტამბა მიიღებს, რომელსაც ამ მასშტაბის სამუშაოების შესრულება შეუძლია და ამ ეტაპზე 4 სტამბაზეა საუბარი.

''არა მგონია, რომ მხოლოდ ოთხმა "გაქაჩოს", უზარმაზარი და უპრეცედენტოდ დიდი შეკვეთაა ქართული სტამბებისთვის და იმედია, ისინი სიმძლავრეებსა და ხარისხს გაზრდიან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები