მარგარეტ თეტჩერი

სააკაშვილი: მარგარეტ თეტჩერი ნონკონფორმიზმის ბრწყინვალე განსახიერებაა ისტორიაში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ბრიტანეთის  ყოფილი პრემიერმინისტრის, მარგარეტ თეტჩერის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. პრეზიდენტის განცხადება მისი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

''მე მარგარეტ თეტჩერს რამდენჯერმე შევხვდი ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა მისი პიროვნებით მანამდეც, ბავშვობიდან ვიყავი მოხიბლული. ის ნონკონფორმიზმის და თავისი შეხედულებებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე განსახიერებაა ისტორიაში. დიდ ბრიტანეთს მან ახალი სიცოცხლე შთაბერა, სწორედ იმით, რომ არ შეეგუა დამარცხებას და კონფორმიზმის სტერეოტიპებს, არ წამოეგო პოპულისტურ ცდუნებებს და, პრაქტიკულად, ახალი მენტალიტეტი ჩამოაყალიბა თავის ქვეყანასა და ევროპაში. არასოდეს დამავიწყდება, თუ რა მითხრა მან ჩვენ ბოლო შეხვედრაზე, ლონდონის სასტუმრო რიცში: "თქვენ საქართველოში აკეთებთ ყველაფერ იმას, რისი გაკეთებაც მე ბრიტანეთში მინდოდა და ბოლომდე ვერ მივიყვანე''.

რა თქმა უნდა, ვიტოვებ იმედს, ''ბოლომდე ვერ მივიყვანე'' - ფრაზა, რომელიც თეტჩერმა საკუთარი ქვეყნის მიმართ წარმოთქვა, არასოდეს გვექნება გამოსაყენებელი საქართველოს მისამართით", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, გულის შეტევით ლონდონში გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი მარგარეტ თეტჩერი. თეტჩერი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერი იყო, რომელსაც ეს თანამდებობა 1979 წლიდან 1990 წლამდე ეკავა.

კომენტარები