მარგარეტ თეტჩერი

მარგარეტ თეტჩერი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ინსულტის შედეგად დიდი ბრიტანეთის ყოფილი  პრემიერმინისტრი ბარონესა მარგარეტ თეტჩერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.

თეტჩერი პრემიერმინისტრი 1979 წელს გახდა. ასე დაიწყო დიდ ბრიტანეთში 11-წლიანი ეპოქა, რომელსაც თეტჩერიზმის ხანას უწოდებენ.

ის დიდი ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი იყო, რომელმაც თემთა პალატის არჩევნები ზედიზედ სამჯერ მოიგო, გაიმარჯვა არგენტინასთან ფოლკლენდის კუნძულებისთვის წარმოებულ ომში, დაამარცხა ინფლაცია და დასწია გადასახადები.  თეტჩერმა  კონსერვატული პარტიის გარდა მთელი ბრიტანული პოლიტიკის  რეფორმირება მოახერხა.  თეტჩერამდე  თითქმის ყველა ბრიტანულ პარტიას მემარცხენე პლატფორმაზე უწევდა ბრძოლა - ეკონომიკური კრიზისის პირობებში მემარჯვენე პოზიციაზე მდგომი პოლიტიკოსებიც კი მოსახლეობას მეტ სახელმწიფო ჩარევასა და დახმარებას ჰპირდებოდნენ. თეტჩერმა კი ღიად თქვა, რომ ეს ბოროტებაა, ასე კრიზისს ქვეყანა ვერასდროს დაძლევდა. მისმა მტკივნეულმა მაგრამ აუცილებელმა რეფორმებმა დიდ ბრიტანეთს საშუალება მისცა დაებრუნებინა კეთილდღეობა და გავლენა მსოფლიოში.

70-იან წლებში ევროპის უმრავლეს სახელმწიფოებში, მათ შორის დიდ  ბრიტანეთშიც,  მთავრობის როლი ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში იზრდებოდა. ამ ტენდენციას კარგი ეკონომიკური შედეგები არ მოუტანია - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბრიტანეთის ხვედრითი წილი მსოფლიო ეკონომიკაში 10%-დან 5%-მდე შემცირდა.   

თეტჩერის მთავრობამ მკვეთრად შეკვეცა საბიუჯეტო ხარჯები, დაიწყო სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საწარმოების პრივატიზაცია და ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირება.

თეტჩერი უინსტონ ჩერჩილის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ყველა გავლენიანი პრემიერი იყო, რომელმაც არა მხოლოდ თავისი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს ისტორიაზე მოახდინა გავლენა. მის მიერ დაწყებული სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია ბევრი ქვეყნისთვის ეკონომიკური რეფორმების დასაწყებად კარგი მაგალითი აღმოჩნდა. მისი აზრით, ქვეყანას წარმატების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო თუ ამ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები იცხოვრებდნენ. რომის პაპ იოანე-პავლე მეორესა და ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანთან ერთად, მან მოახერხა საბჭოთა კავშირის დამარცხება და სოციალისტური ბანაკის დანგრევა. ამ გამარჯვებით ათობით მილიონი ადამიანი გათავისუფლდა აღმოსავლეთ ევროპაში. თეტჩერის ბრძოლამ  მათ  ბედნიერების ძიებისა და  მისი მოპოვების შანსი მისცა.

სისხლიანი მარგო, ჯავშნოსანი ტანკი, ტირანი ქვედაბოლოში -  მხოლოდ მცირე რაოდენობაა იმ მეტსახელებიდან, რომელიც 80-იან წლებში თეტჩერს შეარქვეს, თუმცა ცხოვრების ბოლომდე  ერთ-ერთი საბჭოთა გაზეთის  მიერ შერქმეულ სახელს უწოდებდნენ - რკინის ლედი.

თეტჩერს ხასიათის მთავარ თვისებად სიმტკიცეს უთვლიდნენ. პრემიერობის დროს ის ხშირად იმეორებდა, რომ საკუთარ კურსს არასდროს გადაუხვევდა. "მათ, ვინც ელოდება, რომ ჩემი პოლიტიკა 180 გრადუსით შეტრიალდება, მხოლოდ ერთს ვეტყვი: თქვენ თვითონ შეცვალეთ კურსი. ლედი უკან არ დაიხევს!".

 

 

 

კომენტარები