Wishful Thinking

„პენი არ ცვივა ციდან. მათ აქ, მიწაზე უნდა შოვნა”.

მარგარეტ თეტჩერი

ის, რასაც ბოლო ხანებში ვისმენთ პოლიტიკოსებისა და მათთან დაახლოებული ექსპერტებისგან, ზუსტად შეესაბამება ამ წერილის სათაურად გამოტანილ ინგლისურ ტერმინს. მისი ეკონომიკაში გამოყენება ამერიკელმა ეკონომისტმა რანდალ ჰოლქომბმა შემოგვთავაზა. ქართული პირდაპირი შესატყვისი არ გვაქვს, მაგრამ დაახლოებით სასურველის სინამდვილედ წარმოდგენას ნიშნავს.

როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა ერთხელ მოსწრებულად თქვა, პოლიტიკოსის პროფესიაც უძველესია. უძველესია მცდელობაც, ადამიანებს საკუთარი ძალაუფლების გასაზრდელად და გასამყარებლად ათასგვარი ემოციური იდეა შესთავაზო. ჩემი, როგორც ეკონომისტის ფუნქციად სწორედ ასეთი ემოციებიდან რეალურ ცხოვრებაში დაბრუნების გზის ჩვენება მიმაჩნია.

ემოციური მიდგომის კარგ მაგალითად გამოდგება ჯანდაცვის სახელმწიფო უზრუნველყოფა. ამ იდეის შეთავაზება ისე ხდება, რომ ყველამ ირწმუნოს – სახელმწიფოს გარეშე საკუთარ ჯანმრთელობას ვერ მიხედავს. ბევრი დარწმუნებულია, რომ ეს არის სახელმწიფოს (მზრუნველი მამის) პასუხისმგებლობა და ვალდებულება. გეტყვიან, რომ იდეალურ სიტუაციაში სახელმწიფომ შესაძლებელია ყველაფერი დააფინანსოს და უფასო გახადოს ნებისმიერი მკურნალობა. საბჭოთა კავშირის დროს ვისაც უავადმყოფია, კარგად ემახსოვრება რა ხარისხის შეიძლება იყოს ეს უფასო მკურნალობა.

ვისაც მაინც სჯერა, მან სცადოს ნებისმიერი უხარისხო საკვები მიირთვას ან გადმოხტეს მეხუთე სართულიდან. აქ უცებ აღმოვაჩენთ, რომ თურმე ეს მაინც ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი ყოფილა. შეუძლებელია, ჩვენზე უკეთესად ვინმე ზრუნავდეს ჩვენს ჯანმრთელობაზე. შესაძლოა, ჯანდაცვის ექსპერტები დავიქირავოთ, მაგრამ მაინც ჩვენი პასუხისმგებლობაა მთავარი, თუნდაც ექსპერტების სწორად შერჩევისას.

შესაძლებელია, ამის ნაცვლად, მთავრობამაც იკისროს ექსპერტობა და ჩვენზე ზრუნვა? სწორედ ესაა სასურველის სინამდვილედ წარმოდგენა – არა, შეუძლებელია, რადგან, პირველი: ეს ჩვენს არჩევანის თავისუფლებას აუქმებს და მეორე – მას (მთავრობის ექსპერტს) კუდში არ მისდევს კონკურენტი, რომელიც შეცდომას უპოვის და შეგვატყობინებს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან პოლიტიკური კონკურენციის იმედზე ჩვენი ჯანმრთელობა 4 წელი ვერ დაიცდის (სანამ ახალ პარლამენტს აირჩევ). ხოლო კერძო ბაზარზე კონკურენცია უფრო მძაფრი და სწრაფია.

ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოს მონოპოლიის შექმნა მძიმე შედეგებით დამთავრდება: 1) აუცილებლად გადავალთ გადახდის არალეგალურ ფორმებზე; 2) ფასების ზრდას ვერაფერი შეაჩერებს, რადგან საავადმყოფოები იძულებული გახდებიან შექმნან კორუფციულ-ლობისტური დაჯგუფება, რომელიც ამ სფეროში სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას შეუწყობს ხელს. ეკონომიკა შეფერხდება და უმუშევრობა გაიზრდება.

რეალობისგან ასევე შორსაა სოფლის მეურნეობის გადარჩენის იდეა მილიარდიანი ფონდის საშუალებით. ნებისმიერმა გლეხმა იცის, რომ წარმოებას ყოველთვის მოევლება, მთავარია, როგორ და სად გაყიდო მიღებული პროდუქტი. ამის გამოა სწორედ, რომ ის მუდმივად „ჩაბარებას” დავობს. მან ასევე კარგად იცის, რომ მთავრობა ყველაფერს ვერ ჩაიბარებს. მაგალითად, თუ ყურძენს ჩაიბარებს, რატომ არ უნდა ჩაიბაროს სკამი ან მაგიდა (რომელიც, ეჭვი მაქვს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღვინო). გლეხი კარგად ერკვევა სხვა რისკებშიც – მოუსავლიანობა, სტიქია, კონკურენტების იაფი პროდუქცია, შემოსავლების უკმარისობა, და ბოლოს, ყველა პრობლემის თავი და თავი – მცირემიწიანობა. რამდენად რეალურია ეს რისკები, მალე დავინახავთ იმ ინდოელებისა და ჩინელების საქმიანობის შედეგად, რომლებიც საქართველოში აგრარული წარმოების მიზნით ჩამოვიდნენ. თუმცა უკვე ის ფაქტი, რომ აგრარულ სექტორში არც ბანკები ცდილობენ ბიზნესების დაფინანსებას და არც სადაზღვევო კომპანიები ჩქარობენ დაზღვევას, მკაფიოდ აჩვენებს ამ რისკებს.

სხვათა შორის, ეს კიდევ სხვა მითია, რომ ინდოელები და ჩინელები ყველა მიწას შეიძენენ: ჯერ ერთი, მიწას ყველა უფრთხილდება და მეორეც, თუ მიწის ყიდვაზე მოთხოვნა გაიზრდება, მისი ფასიც მოიმატებს და მალევე შეარბილებს ამ მოთხოვნას. თუ საქართველოსა და ინდოეთში მიწა იმავე ღირებულების გახდება, მაშინ მის აქ ყიდვას აზრი დაეკარგება. რაც შეეხება მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვას, ასეთი კანონები მოქმედებს მხოლოდ არაცივილიზებულ ქვეყნებში.

შეიძლება ასევე მოისმინოთ თეორია აგრარული პროდუქციის პირდაპირი სუბსიდირების აუცილებლობის შესახებ, „როგორც ეს დასავლეთშია (ხომ მოგწონთ დასავლეთი?)”. ჯერ ერთი, არ ვართ ასეთი მდიდრები, მეორეც, ჩვენ მიერ ხელოვნურად შემცირებული ფასებით პროდუქცია ექსპორტზე თუ წავიდა, ეს ნიშნავს, ჩვენმა ღარიბმა მოსახლეობამ უნდა დააფინანსოს უფრო მდიდარი ქვეყნების მომხმარებლები, რომ მათ (იაფად) იყიდონ ჩვენი პროდუქცია. სუბსიდია კი პოლიტიკური გარყვნილების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ძალიან ხშირად მექრთამეობაში გადაიზრდება.

შრომის კოდექსზე ბევრი დავწერე და მისი დეტალების განხილვას ახლა არ ვაპირებ. მისი არსებობა რთულ მდგომარეობაში აყენებს ინვესტორებს, დამსაქმებლებსა და თვით დასაქმებულებსაც, რომ არაფერი ვთქვათ უმუშევრებზე.

ახლახან, ამერიკულმა კომპანიამ Titan International, გადაწყვიტა საფრანგეთიდან გაიტანოს თავისი წარმოება და უმუშევრად დატოვოს ასეულობით ადამიანი (იქ მოქმედი უმკაცრესი შრომის კანონმდებლობისა და პროფკავშირების თავხედობის მიზეზით). ამ დღეებში სხვა სკანდალური ამბავიც გავრცელდა მექსიკის მასწავლებელთა პროფკავშირის ლიდერის დაპატიმრების გამო, რომელიც პროფკავშირის ფულის გაფლანგვასა და ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. აი, ასეთია შრომის კანონმდებლობის გაფეტიშების შედეგები, რომლითაც ზოგ გულუბრყვილოს მშრომელთა დაცვა სურს, თუმცა საწინააღმდეგოს იღებს.

სულ მცირე, გულუბრყვილობაა საკვების უვნებლობის სფეროში სახელმწიფოს იმედად ყოფნა. ამ სფეროშიც, როგორც ბევრგან, პოლიტიკოსები სერიოზული დილემის წინაშე დგანან: ოპონენტები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ. ამას შედეგად რაც მოჰყვება, არის მეტი ძალაუფლების ჩაგდება ბიუროკრატიის ხელში, პოლიტიკოსების მიერ საკუთარი ნათესავების დასაქმება ინსპექტორებად, მექრთამეობა, დიდი კომპანიების ლობირება რეგულირებების საკუთარ შესაძლებლობებზე მოსარგებად. ეს ყველაფერი იმის სანაცვლოდ, რომ კომპანიებმა კონკურენციაში დაასაბუთონ საკუთარი უპირატესობა და მათი პროდუქტის უვნებლობა. ის, ვინც გულუბრყვილოდ მოგვიწოდებს, კარაქის შემცვლელის გამყიდველს ვალდებულება ჰქონდეს, დააწეროს მას ამის შესახებ, ფაქტობრივად, ლობირებს ბიუროკრატიის ფუნქციების ზრდას, შემმოწმებელი ინსპექტორების გამრავლებას, ცხოვრების გაძვირებას და კორუფციას.

პოლიტიკური პროპაგანდისტებისგან და ექსპერტებისაგან (მათ შორის, საერთაშორისო), ასევე ამ პროპაგანდით გაბრუებული მეწარმეებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დიდი პრობლემაა ფინანსური რესურსების სიძვირე და მიუწვდომლობა. მათი უმრავლესობა თვალს ხუჭავს ფაქტორებზე, რომელიც ადვილად შეიძლება იყოს მაღალი საკრედიტო რესურსის სიძვირის განმაპირობებელი: ინფლაცია ან დეფლაცია, საბიუჯეტო დეფიციტი, სახელმწიფო და სოციალური ხარჯების დიდი სისწრაფით ზრდა, არასტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა, პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები, მცირე ბაზარი და სხვა მიზეზები.

ასეთი რისკების პირობებში, ინტერესის განაკვეთის ერთი ხელის მოქნევით შემცირება გამორიცხულია, თუნდაც დიდი მოცულობის იაფი ფინანსური ნაკადების შემოდინებით. ასეთი რესურსები ყველას სჭირდება და თუ მათი მიღება ადვილი იქნება, ასევე ადვილი იქნება უცხოეთში გაწოვაც, სადაც უფრო ნაკლები რისკებია. ეს ასე რომ არ იყოს, ჩვენი ბიზნესმენები ადვილად შეძლებდნენ იმავე სესხების უფრო იაფ ბაზრებზე შოვნას, მაგრამ, როდესაც ვინმე ამერიკაში ან შვეიცარიაში ცდის სესხის აღებას, მაშინვე უმკაცრეს მოთხოვნებს და, დიდი ალბათობით, უფრო ძვირ მომსახურებას და რესურსებს შეეჩეხება.

ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ პოპულარულ მიზნად მიაჩნიათ განათლების სფეროშიც. სინამდვილეში, პოლიტიკოსებმა და, მით უმეტეს, განათლების სფეროსთან დაკავშირებულმა ბიუროკრატიამ შესანიშნავად იციან, რომ საქართველოს დღეს არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის ამ სფეროში კონკურენტუნარიანი ხარისხის მისაღებად. არაკონკურენტუნარიან განათლებას კი არ შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება.

კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის განსხვავება აქ ყველაზე მკვეთრად ჩანს – სახელმწიფო საკუთარ ამოცანას შესრულებულად ჩათვლის, თუ მეტ პროდუქციას (დიპლომს) გამოუშვებს, ხოლო კერძო – თუ მეტი პროდუქცია გაეყიდება (წარმატებულად დასაქმდება). მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების უმრავლესობისთვის ეს უკვე ცხადია, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ზოგისთვის ეს მაინც იქნება გარკვეული შეღავათის, მათთვის კი პოპულარობის მომტანი.

ზოგიერთ პოლიტიკოსს ასევე მიაჩნია, რომ, როგორც მდიდარ ქვეყნებში, მეცნიერების დაფინანსება აუცილებელია. ეს ძალიან ჰგავს საექსპორტო საქონლის სუბსიდირების იდეას. აქაც მოგვიწოდებენ, რომ გავზარდოთ ახალგაზრდა მეცნიერების დახმარება (სუბსიდირება) იმისთვის, რომ ამერიკულ თუ ევროპულ მეცნიერებას დავეხმაროთ იაფად მიიღონ ინტელექტუალური რესურსები, ანუ ვაწარმოოთ ინტელექტის ექსპორტი ჩვენი ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე(!).

ყველაზე პოპულარულ თემად პოლიტიკოსები მონოპოლიებთან ბრძოლას თვლიან. მონოპოლისტები, როგორც ზოგადად მეწარმეები, უნდათ ყველა ბოროტების სათავედ წარმოადგინონ. გაისმის მოწოდებები ფასებსა და მეწარმეთა შორის ბაზრის გაყოფის გარიგებების დარეგულირების მოთხოვნით. იმასაც კი ამბობენ, თითქოს ამას ევროკავშირი ან ხალხი ითხოვდეს. საქართველოს კანონმდებლობა ამ სფეროში უკვე დაექვემდებარა ევრობიუროკრატიის განხილვებს და პრეტენზიები ამ ეტაპზე აღარ არსებობს. ხოლო ხალხს რაც შეეხება, აქაც იგივე სურათი გვაქვს – რომ არა პროპაგანდა, ასეთ თემებზე ხალხი მარტივად რეაგირებს – ან ამცირებს იმ საქონლის მოხმარებას, რომელიც ეძვირება, ან ზრდის, თუ ფასი კლებულობს.

გასაგებია, რისი მიღწევა შეიძლება ფასის სახელმწიფო რეგულირებით – ხელოვნური, გადამეტებული მოთხოვნის. ანტიმონოპოლიური რეგულირების მეორე „უხილავი” შედეგი არის თვით მონოპოლიების გარანტირებული არსებობა და საბაზრო პროცესების სრულად მოშლა დარეგულირებულ სეგმენტში. საქართველოშიც, როგორც უცხოეთში, ყველაზე მეტად მონოპოლიზებული/კონცენტრირებული სწორედ დარეგულირებული სფეროებია.

ამ მხრივ უპრეცედენტო იყო მთავრობის მიერ ახლახან გაპიარებული ნაბიჯი შესყიდვების ცენტრალიზაციის მიმართულებით. სახელმწიფო შესყიდვებს ისედაც აქვს ხელოვნური მონოპოლიზაციის დიდი ალბათობა და თუ ამას წესად აქცევ, აუცილებლად გამოიწვევს ვიღაცის ავტომატურად გაძლიერებას და ურყევ მონოპოლიად ქცევას, რომელსაც ბაზარი და ახალი კონკურენტები უკვე ვერაფერს დააკლებენ, თუ არა დიდი კორუფცია ან მთავრობის ცვლილება.

რეგულირების ისეთ მიმართულებას, როგორიც სურსათის უვნებლობაა, ასევე მიიჩნევენ მთავრობის უმნიშვნელოვანეს ვალდებულებად. ყველაზე პოპულარული მაინც საკვებზე ინფორმაციის დაწერაა (ქართულად), რასაც, დიდი ალბათობით, ინსპექტორები უნდა მოჰყვნენ, რომლებიც შეამოწმებენ, სწორია თუ არა ის, რაც წერია (ეს იუმორი არ გეგონოთ). შემდგომში აუცილებელი გახდება საკვების დამზადების პროცედურის შემოწმებაც, საზღვრებზე ინსპექციების აღდგენაც... ახლა კითხვას დავსვამ: რას გამოიწვევს ეს? პასუხი: პროდუქტის გაძვირებას და კორუფციას.

არ მგონია, ძნელად შესამჩნევი იყოს, რომ ბოლო დეკადებში ძალიან ბევრი მომსახურება და პროდუქტი საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის მიზეზების ჩამონათვალი ალბათ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ალბათ ყველა ხვდება მთავარს – შემოსავლების ზრდა. ამიტომ, სანამ სახელმწიფო ბიუროკრატიის უფრო მეტ ჩარევას გადავწყვეტთ, ამ იდეის ინიციატორმა უნდა დაგვისაბუთოს, რომ უკეთესი საკვების მოხმარება უფრო მეტადაა დამოკიდებული ბიუროკრატიის წარმატებულ საქმიანობაზე, ვიდრე ადამიანების პირად პასუხისმგებლობაზე და მათ შესაძლებლობაზე, იყიდონ უკეთესი და უვნებელი პროდუქტი. ზოგადად, სწორედაც ბიუროკრატიაა ვალდებული დაგვიმტკიცოს, რატომ უნდა შევიზღუდოთ ჩვენი თავისუფლება და არჩევანი.

ასეთი მაგალითების მოყვანით რომ არ გადაგღალოთ, ახლა ძირითად სათქმელზე გადავალ. გაუმჯობესდება თუ გაუარესდება

ქვეყანაში ბიზნესგარემო? გაადვილდება თუ გართულდება ეკონომიკური საქმიანობა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის? მე მგონია, და ამას მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ თუ ზემოხსენებული და სხვა მოსაზრებები კანონებში აისახება, ეს ყველაფერი მდგომარეობას გააუარესებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ჩვენს ეკონომიკურ სივრცეს შემორჩა, არის საკუთრების დაცულობა. ჩემთვის გასაგებია, რომ ეს არის თაობათა პრობლემა და საჭიროებს მეტ დროს (თითქმის ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ასეთივე პრობლემებია). ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა მრავალი მოწოდება ეკონომიკაში სახელმწიფო ჩარევის გაზრდისკენ, თვითონ გახდება საკუთრების უფლების სერიოზული შემზღუდველი ფაქტორი. მივალთ ისეთ სიტუაციამდე, რომ ბიზნესი უკვე კანონიერად იქნება დაჩაგრული(!) – ეს იმის სანაცვლოდ, რომ წინა ხელისუფლების დროს ყველა გადამეტება უკანონოდ ითვლებოდა. მაგალითად, თუ გინდოდათ არალიცენზირებული საქმიანობის დაწყება და ვინმე ხელს გიშლიდათ, ეს უკანონო იქნებოდა. ახლა, თუ ეს საქმიანობა ლიცენზირებული გახდა, ხელი უკვე კანონის ძალით შეგეშლებათ.

მონოპოლიების შეზღუდვა კერძო საკუთრებაზე სერიოზული თავდასხმაა. ისევე, როგორც საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე დამსაქმებლის შეზღუდვა, აღარ გააგრძელოს ისეთ შრომაში ფულის გადახდა, რომელიც არ მოსწონს. საზოგადოებრივი ინტერესისთვის საკუთრების ჩამორთმევა, სავარაუდოდ, ახალ წესებს დაექვემდებარება, რაც მთავრობას ლეგალურ უფლებას მისცემს, იყაჩაღოს.

მოდი გადავამოწმოთ, რამდენად რეალურია ეს მოსაზრებები სხვადასხვა კვლევების მიხედვით, როგორიცაა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი და კვლევა მსოფლიოში ბიზნესის კეთების შესახებ.

მაგალითად, ფრეიზერის ინსტიტუტის კვლევის „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში” 42-ე რეიტინგი, მკვეთრად შეიძლება გაუარესდეს ხუთიდან სამ კომპონენტში:

– სახელმწიფოს ზომა – ძირითადად სახელმწიფო დახმარების და სუბსიდიების მკვეთრი ზრდის გამო.

– საერთაშორისო ვაჭრობა – საქართველოს ბაზრის „დაცვის” ნებისმიერი მცდელობის გამო.

– რეგულირება – შრომის კოდექსის გართულება დამქირავებლის მიმართულებით, სხვადასხვა ახალი რეგულაციების შემოღება (კონკურენციის და საკვების უვნებლობის დარეგულირება).

ასეთივე სურათი გვექნება ანალოგიურ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსშიც” (საქართველო 21-ე ადგილზეა მსოფლიოში), რომელიც ჰერითიჯის ფონდისა და უოლ სთრით ჯორნალის ეგიდით კეთდება. უკვე პრიორიტეტებად გამოცხადებული ცვლილებები მკვეთრად აისახება, სულ მცირე, შემდეგ კომპონენტებზე:

– ბიზნესის თავისუფლების

– შრომის თავისუფლების

– ვაჭრობის თავისუფლების კუთხით.

ამავე ინდექსის კვლევის საინვესტიციო თავისუფლებისა და საკუთრების თავისუფლების კომპონენტებს, სავარაუდოდ, გააუარესებს მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვაც.

ბიზნესის თავისუფლება შეიზღუდება სამშენებლო ნებართვების გაცემის გართულების შემთხვევაშიც. ეს მსოფლიო ბანკის ცნობილი კვლევის, Doing Business-ის ერთ-ერთი კომპონენტია. ამ კვლევის სხვა კომპონენტები, რომელიც შესაძლოა გაუარესდეს, არის:

– ბიზნესის დაწყება (მაგალითად, სურსათის მიწოდების სფეროში, თუ იქ დაინერგა უვნებლობის უფრო ფართო რეგულაციები);

– საკუთრების რეგისტრაცია (თუ გაჩნდა აკრძალვები და შეზღუდვები უძრავ ქონებასა და მიწაზე საკუთრების გასხვისებაზე, მაგალითად, უცხოელებზე);

– სასაზღვრო ვაჭრობა (თუ გამკაცრდა ხარისხის სასაზღვრო კონტროლი. მაგალითად, იმავე საკვების სფეროში).

ასეთმა ძვრებმა, მოსალოდნელია, საქართველოს ადგილი რამდენიმე ათეული საფეხურით გააუარესოს. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? თუნდაც ინვესტორების თავშეკავებას, მეტი ფული დააბანდონ საქართველოში. Doing Business (რომელშიც საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა) მკაფიოდ აჩვენებს პირდაპირ კორელაციას ქვვყნებში ინვესტორთა აქტიურობასა და მათში ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებულ რეგულაციის ხარისხთან (იხილეთ გრაფიკი).

ფაქტი, რომ საქართველოში ბოლო წლებში ინვესტიციების დიდი ბუმი არ იყო, სხვა ფაქტებთან ერთად, რეგიონული პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკებითაც აიხსნება. ამიტომ, მით უმეტეს მნიშვნელოვანია ამ კვლევის უკან მდგომი ბიზნესგარემოს შენარჩუნება და გაუმჯობესება.

ასეთივე სურათია ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით. ქვეყანაში, რომელშიც ეკონომიკური თავისუფლება მაღალია, გაცილებით უკეთესი ცხოვრების დონეა, ვიდრე არათავისუფალ ქვეყნებში. რაც მთავარია, ამ ქვეყნებმა გამდიდრებას სწორედ მეტი ეკონომიკური თავისუფლების პირობებში მიაღწიეს და შემდგომში, მრავალი მათგანი სტაგნაციაში შევიდა ეკონომიკური თავისუფლებების შემცირების ფონზე. ევროკავშირის ბევრი ქვეყანა დღეს ამის მკაფიო გამოხატულებაა.

ამ კვლევების მონაცემებს თუ გადახედავთ, მახვილი თვალი იმასაც ადვილად მიაგნებს, რომ პირველ 50 ადგილს შორის პატარა განსხვავებაა დანებისმიერი მცირე ცვლილებაც ადვილად ცვლის რანგს. როგორც წესი, ზემოთ ასვლა უფრო ნელა ხდება, ვიდრე ქვემოთ ჩამოსვლა.

საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და მეტი ეკონომიკური თავისუფლება, ეს ის პირობებია, რომელიც ადგილობრივ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და მასზე ნაკლებად ზემოქმედებს პოლიტიკური დაძაბულობა ან გლობალური ეკონომიკური მოვლენები. კარგი საინვესტიციო პირობების მქონე ქვეყანა საინტერესოა როგორც ეკონომიკური წარმატების, ასევე წარუმატებელი პერიოდების დროს.

არსებობენ ეკონომიკურად არათავისუფალი, მაგრამ მდიდარი ქვეყნები. მათი სიმდიდრე მთლიანად დამოკიდებულია ნავთობზე. არსებობენ ისეთებიც, რომელთა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ კიდევ ნაკლებად შეძლებული არიან. საქართველო, ღმერთის წყალობით, არ არის მდიდარი ნავთობით და ამიტომ მას უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად პრაგმატული პოლიტიკა იაფი და გრძელვადიანი რესურსების მოსაზიდად. გაუფრთხილებელი განცხადებები, ბუნდოვანი მოსაზრებები და, მით უმეტეს, პოლიტიკური დაძაბულობა, ინვესტორებს ურთულებს გადაწყვეტილებების მიღებას და მათი რესურსები უფრო მარტივი და ცხადი პირობებისკენ მიემართება.

 

კომენტარები