ჯარი

პალდოს საველე ბანაკი 70-მდე რეკრუტმა დატოვა

კახეთში, პალდოს საველე ბანაკი 70-მდე რეკრუტმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ისინი დისლოკაციის ადგილიდან გამთენიისას წამოვიდნენ. მათ რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარეს და სახლებში დაბრუნდნენ. რეკრუტების განცხადებით, ბანაკში მათ ჯარისკაცისთვის შეუფერებელ და ღირსების შემლახველ დავალებებს აძლევდნენ - კერძოდ, საპირფარეშოების დასუფთავებას აიძულებდნენ მაშინ, როცა ისინი საბრძოლო ხელოვნების შესწავლით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებულები.

რეკრუტების მხრიდან პალდოს საბრძოლო ბაზის დატოვების ფაქტს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, პალდოს საბრძოლო ბაზა არის პირველადი საბრძოლო მომზადების ბაზა, სადაც ხვდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც მომავალში საკონტრაქტო სამსახურში იმსახურებენ. სესიაშვილის თქმით, როგორც აღმოჩნდა, მათ ვერ გაუძლეს იმ ცხოვრების წესს, რომელიც საველე პირობებში არსებობს.

„ისინი გადიოდნენ პირველად წვრთნას და ეს არის საველე პირობები. საველე პირობებში, ყველა საერთაშორისო სტანდარტით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ხდება თავად ჯარისკაცის მიერ. რამდენიმე ადამიანს დაევალა შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ უარი განაცხადეს და სხვებმაც უარი განაცხადეს. მე ვესაუბრე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას და უმრავლესობამ ვერ გაუძლო იმ ცხოვრების წესს, რაც მიღებულია სამხედრო სამსახურისთვის და მიიღეს წასვლის გადაწყვეტილება. ეს ჩვეულებრივი პროცესია, არაფერი საგანგაშო აქ არ არის", - აღნიშნა სესიაშვილმა. 

2011 წელს, როცა ირაკლი სესიაშვილი ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" ხელმძღვანელი იყო, აქტიურად აპროტესტებდა თავდაცვის სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ნაწილებში დამლაგებლის თანამდებობდა უნდა გაუქმებულიყო. სესიაშვილს მაშინ მიაჩნდა, რომ ცვლილების შედეგად, ტუალეტების, საშხაპეების და ყაზარმების დასუფთავება თავად სამხედრო მოსამსახურეებს მოუწევდათ, ეს კი ე.წ. დედოვშინის დაწყებას გამოიწვევდა. 

"ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, სწორედ ასეთი შავი სამუშაოს შესრულებისთვის ჯარში ადგილი ჰქონდა ე.წ. "დედოვშჩინას", რომლის დროსაც ე.წ. უფროსები ჩაგრავდნენ უმცროსებს და ავალდებულებდნენ მათ ნაცვლად შავი სამუშაოს შესრულებას. ამის გამო, ადგილი ჰქონდა ჩხუბს, ცემას, შეურცხყოფას, დამცირებას და მათ შორის არაადამიანურ მოპყრობას", – ნათქვამია ირაკლი სესიაშვილის 2011 წლის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების გამო, ჯარისკაცები ღიად გამოთქვამდნენ თავიანთ პროტესტს, რის გამოც მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა როგორც მეთაურების, ასევე თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. "როგორც ისინი აცხადებენ, მეთაურები მათ ეუბნებიან, რომ "ვინც ტუალეტს არ გახეხავს, შეუძლია პატაკი დაწეროს და სამხედრო სამსახურიდან წავიდეს", - აცხადებდა სესიაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე რეკრუტების მიერ პალდოს საბრძოლო ბაზის დატოვებას საგანგაშო ფაქტს უწოდებს. "ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ თავდაცვის მინისტრმა, იმის მაგივრად იმ პრობლემებს მიხედოს, რომლებიც ობიექტურად არსებობს თავდაცვის სამინისტროში, დაკავებულია პოლიტიკური კამპანიით წინა ხელისუფლების მიმართ," - აღნიშნა ბარამიძემ. 

კომენტარები