საჯარო სამსახური

“სამართლიანი არჩევნები”: საგარეჯოს გამგეობიდან თანამშრომლები მასობრივად დაითხოვეს

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი ლოლაძის ბრძანებით, 2013 წლის 29 მარტს გამგეობის აპარატიდან რეორგანიზაციის საბაბით 30 თანამშრომელი გათავისუფლდა. "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელთან საუბრისას, გათავისუფლებულები ამის მიზეზად პოლიტიკურ მოტივებს ასახელებენ. ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გარეშე უკვე დაინიშნენ პირები, რომლებიც, გათავისუფლებული თანამშრომლების განცხადებით, პარტიული ნიშნით შეირჩნენ.

 "სამწუხაროა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებიდან კვლავ გრძელდება თანამშრომელთა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დათხოვნისა და ახალი კადრების კონკურსის წესის გარეშე, ე.წ. მოვალეობის შემსრულებლად აყვანის ტენდენცია. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა უზრუნველყოს მსგავსი სახის გაუმართლებელი პრაქტიკის პრევენცია", - აცხადებს ორგანიზაცია.

 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის განთავსებული ინფორმაცია რეორგანიზაციის, ან თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ. "სამართლიანმა არჩევნებმა" ამ საკითხზე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, უკვე მიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას.

 "სამართლიანი არჩევნების" ცნობით, 1-ლი ოქტომბრიდან 28 თებერვლამდე, თვითმმართველობების სამსახურებიდან 1790 თანამშრომელი გათავისუფლდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურიდან სულ 51 თანამშრომელი იქნა დათხოვნილი.

 

კომენტარები