ენერგეტიკის მინისტრი

კახა კალაძე: ენგურჰესი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კახა კალაძე საპარლამენტო უმცირესობას ხვდება. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტის გასაჯაროება მოხერხდეს.

ენერეტიკის მინისტრის თქმით, ენგურჰესი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია და ინფორმაცია 2008 წელს მისი გასხვისების თაობაზე არასწორია.

"როდესაც ეს დოკუმენტი ვნახე, რაზეც წლების განმავლობაში იყო საუბარი, რომ ენგურჰესი გასხვისდა, ნამდვილად გასხვისებული არ არის და ამ დოკუმენტზე ხელი მოწერილი არ არის, მაგრამ თუკი მემორანდუმს ხელი მოეწერებოდა, ეს იქნებოდა ძალიან დიდი დანაშაული ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე. მე ჯერ კიდევ არა მაქვს ამ დოკუმენტის გასაჯაროების უფლება, მაგრამ ვიმუშავებ, რომ დოკუმენტის გასაჯაროება მოვახერხოთ, რათა მოსახლეობამ იცოდეს, რაზე მიდიოდა საუბარი და რა იყო თემა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა ნამახვანჰესის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, აუცილებლად აშენდება.

"ხვალ შეხვედრას გავმართავ იტალიელ სპეციალისტებთან, სადაც ნამახვანჰესთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ეს ჰესი აუცილებლად აშენდება, უბრალოდ გვინდა, რომ პროექტი მაქსიმალურად იყოს დახვეწილი", - აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები