სახალხო დამცველის ანგარიში

ომბუდსმენის აპარატი: ავადობის რიცხვმა თუ დაიწია, ეს მოხდა ამნისტიის ხარჯზე

"ადრეც იყო ხოლმე ამაზე საუბარი - რატომ არ გველაპარაკებიან წინასწარ და ასე შემდეგ, თუმცა ეს გამორიცხულია - წინასწარ ჩვენ არ ვუთანხმებთ არცერთ უწყებას არც ანგარიშს და არც რეკომენდაციებს, კეთილი ინებონ, წაიკითხონ უკვე გამოცემული რეკომენდაცია და ისე გააკეთონ რეაგირება", - განაცხადა სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნათია იმნაძემ სოზარ სუბარის დღეს, 4 აპრილს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ. 
სასჯელაღსრულების მინისტრმა სახალხო დამცველის რეკომენდაციას ციხეებში ტუბერკულოზით დაავადებათა რიცხვის მატებასთან დაკავშირებით, არაპროფესიონალურად შედგენილი უწოდა. 
სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია იმნაძემ კი ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, სოზარ სუბარს სახალხო დამცველის რეკომენდაცია წაეკითხა და ისე გაეკეთებინა რეაგირება. იმნაძე სასჯელაღსრულების მინისტრის კომენტარს ციხეებში ტუბერკულოზით ავადობის კლებასთან დაკავშირებით არ ეთანხმება და აცხადებს, რომ კლება ამნისტიამ გამოიწვია და არა - პატიმართა მკურნალობამ. 
"ვერ გავიგე, საერთოდ რაზე გააკეთა მინისტრმა კომენტარი. ჩვენს რეკომენდაციაში ტუბერკულოზით ავადობის სტატისტიკა ციხის ექიმების ანგარიშებიდან არის ასახული, ხოლო კლებასა და მატებაზე საერთოდ საუბარი არ არის. რიცხვები კი, რომელიც სუბარმა დაასახელა, საერთოდ არ ფიგურირებს, რადგან ეს კომპონენტი საერთოდ გაუგებარია. ასეც რომ იყოს, ტუბერკულოზის მკურნალობას სულ მცირე 6 თვე სჭირდება და ახალი მინისტრი თავისი მოსვლის შემდეგ ამას ვერც მოახერხებდა. ავადობის რიცხვმა თუ დაიწია, ეს მოხდა ამნისტიისა და შეწყალების ხარჯზე და არა იმის ხარჯზე, რომ ხალხს უმკურნალეს ციხეებში", - განაცხადა ნათია იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ამასთან, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების #19 ტუბერკულოზით დაავადებულთა დაწესებულების დირექტორი კახაბერ გველესიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ სააგენტო ინტერპრესნიუსთან ეს ინფორმაცია დაადასტურა. კორძაიამ არ იცის, უკავშირდება თუ არა გველესიანის გათავისუფლება სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, თუმცა აცხადებს, რომ იგი სამი დღის წინ მოხსნეს თანამდებობიდან.  

კომენტარები