რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ლუკაშევიჩი: ქართული მხარის ღრმა შეშფოთება არ შეესაბამება ურთიერთობის ნორმალიზების სურვილს

ოფიციალური მოსკოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც უწყება შეშფოთებას გამოხატავს შავ ზღვაზე მიმდინარე რუსული სამხედრო წვრთნების გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, ''ქართული მხარის ღრმა შეშფოთება საჩვენებელი ხრიკი იყო, რომელიც ცუდად შეესაბამება საქართველოს მთავრობის განცხადებებს, რომ მას რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს''.

''ვფიქრობ, რომ საქმე ეხება კიდევ ერთ არადამაჯერებელ მცდელობას, რომ საქმის რეალური ვითარება დაიმალოს. საქართველო, რომელმაც 2008 წელს სამხედრო კონფლიქტი დაიწყო კავკასიაში, დღემდე თავს იკავებს, რომ ხელი მოაწეროს სავალდებულო შეთანხმებებს უსაფრთხოების გარანტიებზე სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, რომლებიც წლების მანძილზე თბილისის მხრიდან მუქარებისა და აგრესიული ქმედებების ობიექტები იყვნენ. რუსული საფრთხის საჯაროდ გაზვიადება საკუთარი კონფრონტაციული პოლიტიკის დაფარვის მიზნით, ქართული მხარისთვის ახალ მეთოდს არ წარმოადგენს. საკმარისია გავიხსენოთ მრავალთვიანი ხმაური შარშანდელი დაგეგმილი რუსული წვრთნების შესახებ, რომლებიც თითქოსდა სასიკვდილო საფრთხეს უქმნიდნენ საქართველოს. ის, რომ თბილისი კვლავაც იყენებს ამგვარ შაბლონურ პროპაგანდისტულ ხრიკებს, პირდაპირ რომ ვთქვათ, ცუდად შეესაბამება განცხადებებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მისწრაფების თაობაზე“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.      

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 29 მარტს, რუსეთის მიერ შავ ზღვაზე მოულოდნელად დაწყებული სამხედრო წვრთნების გამო შეფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ''რუსეთის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ევროპის სამეზობლოში სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის დაცვის ინტერესებს''.

იმავე დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო წვრთნები საქართველოს უბიძგებს, დაკვირვება გააძლიეროს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ასევე გააკეთა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ. როგორც ვერშბოუმ რადიო ეხო მოსკვისთან ინტერვიუში განაცხადა, NATO შავ ზღვაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნებს მშვიდად შეხვდა, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, თუ მოსკოვი წვრთნების შესახებ NATO-ს წინასწარ შეატყობინებდა.

22 მარტს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მის, Agile Spirit 2013-ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა გააკრიტიკა.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ალექ­სან­დრ ლუ­კა­შე­ვიჩ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუც­ხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი  სწავ­ლე­ბა, რო­მელ­საც ''ამე­რი­კე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბი რუ­სეთს გა­ნუ­მარ­ტა­ვენ, რო­გორც ავ­ღა­ნე­თის ოპე­რა­ცი­ის­თვის მომ­ზა­დე­ბას, ნამ­დვი­ლად იწ­ვევს შეშ­ფო­თე­ბას''.

კომენტარები