ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი, სახალხო დამცველის ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციას შეეხება.
მერაბიშვილი სახალხო დამცველის მოსაზრებას ''იდიოტურ ბრალდებას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ''საქართველოს ოფიციალური ორგანოები ქვეყნისთვის ტერორისტული იმიჯის შექმნას ცდილობენ''.
"დღეს ვნახე ბრალდების წაყენების ახალი, ორიგინალური მეთოდი, როცა ომბუდსმენის მეშვეობით ხდება ბრალის წაყენება. ეს არის სრულიად იდიოტური ბრალდება. უფრო მეტი კომენტარის გაკეთება ასეთ განცხადებებზე შეუძლებელია. ეს არის მცდელობა, საქართველოს შეუქმნან ტერორისტული სახელმწიფოს იმიჯი. საქართველოს უკვე მიაწებეს პოლიტპატიმრების ქვეყნის იმიჯი, ახლა უნდათ, შეექმნას ტერორისტული ორგანიზაციების მომზადების და ტერორისტული ბაზების მქონე ქვეყნის სტატუსი. მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი განცხადება ბოლოს და არაერთგზის გააკეთა პატრუშევმა. დღეს უკვე საქართველოს ოფიციალური ორგანოები იმეორებენ პატრუშევის ბრალდებას. ეს არის ძალიან იდიოტური, მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირ დაკვეთას ახმოვანებენ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, სახალხო დაცველის, უჩა ნანუაშვილის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წლის აგვისტოში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესასწავლად პარლამენტში სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციასთან მიმართებით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის პასუხისმგებლობა იკვეთება.