საპარლამენტო უმცირესობა

ბაქრაძე: უმრავლესობის მოდელი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში არ ჯდება

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ მოდელს გამოეხმაურა. ბაქრაძის თქმით, ''იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13 წევრი იცვლება, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში არანაირად არ ჯდება".

"ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ პოლიტიკური ცვლილებები საბჭოს წევრებს არ შეეხოთ. ამიტომ სრულიად მიუღებელია ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც მოსამართლეთა მიერ არჩეული მოსამართლეების შეცვლას ეხება, რადგან ვინც არ უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობაში, მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს. არ შეიძლება მათი შეცვლა და ეს არის ძირითადი უთანხმოების საკითხი. რაც შეეხება საბჭოს მეორე ნაწილს, სადაც პრეზიდენტისა და პარლამენტის მხრიდან დასახელებული წევრები შედიან, აქ მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯი გადავდგათ და სხვადასხვა მექანიზმებზე ვისაუბროთ, მათ შორის განვიხილოთ უმრავლესობის მიერ შეთავაზებული მექანიზმი, მაგრამ ეს არის მცირე ნაწილი იმ შეუსაბამობის მოსაგვარებლად, რაც უმრავლესობის წინადადებებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შორის არსებობს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები