საქართველო-თურქეთი

დავუთოღლუ: თურქეთში მცხოვრებ ერთ ქართველსაც რომ გაუჩნდეს თხოვნა, აუცილებლად დავეხმარებით

ბათუმში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი ჩატარდა. მინისტერიალის დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

''თურქეთში მცხოვრებ ერთ ქართველსაც რომ გაუჩნდეს რელიგიასთან დაკავშირებით თხოვნა, ჩვენ მას აუცილებლად დავეხმარებით", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ.

მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთს აღებული აქვთ ორმხრივი ვალდებულება ეკლესიებისა და მეჩეთების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

"ეს არის საერთო მემკვიდრეობა. თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ეკლესიები, იშხანი და ოშკი ჩვენი მემკვიდრეობაცაა. ასევე საქართველოში არსებული მეჩეთები, ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა. აჭარაში უამრავი მუსლიმი ცხოვრობს და ისინი მთავრობისგან მოითხოვენ სალოცავის აშენებას. თურქეთს კი სურვილი აქვს თავისი წვლილი შეიტანოს ამაში. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ მან აიღო ვალდებულება, თავადაც შეიტანოს პირადად წვლილი ამ მეჩეთის აშენებაში", - განაცხადა აჰმეთ დავუთოღლუმ.

დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ ტაძრებს რესტავრაცია ქართველ ექსპერტებთან ერთად ჩაუტარდება და ამ ფაქტს ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლო უწოდა.

კომენტარები