საია

საია აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსს ფიზიკურ შეურაცხოფაში ადანაშაულებს

დღეს, 28 მარტს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსს,  ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა. 
"აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ საია-ს თანამშრომელს როინ ფარტენაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სიგარეტი მიაწვა შუბლზე. ის მოძრაობდა "ლენდ კრუიზერით" და გაბრაზდა იმაზე, ძველმა "მერსედესმა" რატომ არ დაუთმო გზა. ჩვენს მძღოლთან ერთად მანქანაში ისხდნენ იურისტები - მთვარისა ცივაძე და რაჟდენ ხიმშიაშვილი", - განაცხადა საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ გია ქარცივაძემ "ბათუმელებთან" საუბრისას. 
საია-ს მძღოლი როინ ფარტენაძე აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა მისი მანქანაში ჩატენვა სცადა, რა დროსაც შეხლა-შემოხლის შედეგად პულოვერი გაეხა.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აღნიშნავს, რომ ვალერი თელიას ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
"ჩვენი შეფასება იქნება მკაცრი; არა იმიტომ, რომ ეს ჩვენს თანამშრომლებს შეემთხვათ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ქმედება მიუღებელია ნებისმიერ მოქალაქესთან მიმართებაში და მით უმეტეს, რომ ამას აკეთებს მაღალი თანამდებობის პირი. როგორც ვიცი, ვალერი თელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მთავარი სამმართველოს უფროსია. ასეთი მაღალი თანამდებობის პირი რომ ასე იქცევა, კატეგორიულად მიუღებელია. მის ქმედებაში, სავარაუდოდ, არის დანაშაულის ნიშნები. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოვითხოვთ ამ საქმის შესწავლას და აუცილებლად გავაკონტროლებთ, როგორ ეფექტურად მოიქცევა შსს მისი შესწვლის დროს. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გვაქვს შეხვედრა მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან და ამის შესახებ აუცილებლად მივაწვდი ინფორმაციას, ასევე აჭარაში ჩვენი ორგანიზაცია დღესვე გააკეთებს განცხადებას, რომელიც ინციდენტის კონკრეტულ დეტალებსა და გარემოებებზე ისაუბრებს", - აღნიშნა კოჟორიძემ.
საია-ს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ამ ინციდენტს ადეკვატური რეაგირება მოყვება პროკურატურის მხრიდან:
"წლების განმავლობაში პრობლემა იყო სწორედ ის, რომ პოლიციელები მსგავს ქმედებების ჩადიოდნენ, თუმცა მას არასდროს ჰქონდა ხოლმე ადეკვატური რეაქცია ხელისუფლების მხრიდან, რაც ქმნიდა დაუსჯელობის სინდრომის გამყარებას და აჩენდა განცდას, რომ კანონი მხოლოდ რიგითი მოქალაქეების მიმართ არის მკაცრი. იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ასე არ იქნება და ვალერი თელიას ამ უკანონო ქმედებას, რომელშიც, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც იყოს, მოჰყვება შსს-სა და პროკურატურის მხრიდან დროული და ადეკვატური რეაგირება", - განაცხადა კოჟორიძემ.
თავად ვალერი თელია, რომელიც ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება, აცხადებს, რომ იგი შეამოწმეს ალკოჰოლზე და დასკვნამ აჩვენა, რომ იგი ნასვამი არ არის. მისივე თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მძღოლსაც ჩაუტარდა იგივე ტესტი და ტესტმა აჩვენა, რომ მძღოლი ნასვამია.
საია-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის გია ქარცივაძის ცნობით, მისი თანამშრომლები ამჟამად დაკითხვაზე იმყოფებიან. საპატრულო პოლიცია კი ინციდენტის ადგილას თავად საიას თანამშრომლებმა გამოიძახეს.

კომენტარები