საზოგადოებრივი მაუწყებელი

ეუთოს წარმომადგენელმა მაია ფანჯიკიძეს წერილი გაუგზავნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს, ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა წერილი გაუგზავნა, რომელშიც მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზეა საუბარი და მისი სამართლებრივი შეფასებაა მოცემული.

წერილში ნათქვამია, რომ გარდამავალ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის სრულყოფილად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია მოქმედი კანონის გაუმჯობესებისკენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პლურალიზმისა და გამჭვირვალედ მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით. ამის მიღწევა შესაძლებელია მოცემული ამოცანების გადახედვით, ვალდებულებებისა და გენერალური დირექტორისა და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დანიშვნის პროცედურების გადახედვით. ერთობ მისასალმებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საკუთარი მაუწყებლობის შემადგენელი ნაწილი, გაავრცელებს სხვა ტელემაუწყებლების სიგნალს", - ნათქვამია მიატოვიჩის წერილში.

როგორც წერილშია აღნიშნული, კანონპროექტის მთავარ ნაკლოვანებას წარმოადგენს ის, რომ ''არ არის განმარტებული, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული სამეურვეო საბჭოდან ახალზე გადასვლა გარდამავალ პერიოდში".

ცვლილებების ანალიზში, რომელიც მომზადებულია მედიის იურიდიულ საკითხებში ექსპერტის, პროფესორ კეტრინ ნეიმან მეტკლაფის მიერ, აღნიშნულია, რომ უმჯობესი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების რაოდენობა, ნაცვლად 15 წევრისა, დაკომპლექტდეს 9 კანდიდატისგან, რომელთაგან 3 ღია კონკურსის წესით შეირჩევა, 3 - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, 3 კი - უმცირესობის მიერ.

 

კომენტარები