კონფლიქტი ილიაუნიში

ლაბორატორია 1918-ის წევრი, სანდრო ცაგარელი საკუთარ საქციელს არ ამართლებს

გუშინ, 25 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთან ლევან ღამბაშიძესთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ლაბორატორია 1918-ის წევრი სანდრო ცაგარელი არ ამართლებს. ამის შესახებ ვრცელ კომენტარს ცაგარელი Facebook-ის მეშვეობით ავრცელებს.  
"მინდა მივმართო ჩემ მეგობრებს, და ვუთხრა, რომ არ ვამართლებ ჩემ საქციელს ერთადერთი რამის გამო - რომ საკუთარ გრძნობებზე კონტროლი დავკარგე. მას შემდეგ, რაც ჩემ ცხოვრებაში ძალიან მძიმე, ბავშვის სიცოცხლის ფეხებზე დაკიდებაზე ცილისწამება მოვისმინე ჩემი მისამართით, ვუთხარი მის ავტორს, რომ ამის გამო ბოდიში უნდა მოეხადა. ამის შემდეგ მან თავად მიმიწვია თავის კაბინეტში სალაპარაკოდ (იმედია დაადასტურებს). მე ბუნებრივია არ მსურდა ჩხუბი, და ერთგვარი განმუხტვის მოლოდინით მივედი. (საკუთარ კაბინეტში საჩხუბრად არ ადგებიან. ეგეთი რამეები სხვაგან ხდება ხოლმე) მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამიანმა, რომლის პროტესტი არავის ახსოვს იმ მრავალ უსამართლობაზე რაც ჩვენ ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა, მათ შორის, არც თავისი კოლეგების - უნივერსიტეტის პროფესორთა დევნაზე, პირველად გამოხატა პროტესტი გიგი წერეთელისადმი ჩემგან თითქოსდა, დაუმსახურებელ ქცევაზე, და თან შერიგების ნაცვლად კიდე ერთხელ გაიმეორა ის ბინძური ცილისწამება, რომლის მსგავსიც ჩემთვის აქამდე არავის უკადრებია, რომ მე ბავშვის სიკვდილს ვიყენებ პოლიტიკური მიზნებისთვის, საერთოდ ფეხებზე მკიდია ეს ამბავი და სოციალურად დაუცველებიც, რაც ძალიან მძიმე მოსასმენია ჩემთვის. ამის შემდეგ ვერ მოვთოკე თავი და სიტყვიერად შევლაპარაკდით რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. რაც ძალიან მაწუხებს მიუხედავად ყველაფრისა.
მე არ ვამართლებ ძალადობას, როგორც კონფლიქტის გადაჭრის საშუალებას, და ასევე არ ვამართლებ ცილისწამებას, რომელიც რაციონალური და გონივრული არგუმენტებით საუბარს სრულიად შეუძლებელს ხდის და მხოლოდ ორ გზას უტოვებს ადამიანს - კონფლიქტს, და ჩუმად თავის დახრას და წასვლას. ეს უკანასკნელი მე ვერ შევძელი, ამის გამო ბოდიშს ვუხდი ჩემ მეგობრებს და პირადად მასაც მიუხედავად ყველაფრისა, იმედს ვიტოვებ ლევან ღამბაშიძე ან დაასაბუთებს თავის ცილისწამებას, რომელიც გახდა კონფლიქტის მიზეზი, ან თუ ვერ დაასაბუთებს, თავად მოიხდის ბოდიშს, რადგან არსებობს განსხვავება ბრალდებას, მოსაზრებასა და ამორალურ ცილისწამებას შორის. ყველა ადამიანი საკუთარი სინდისის წინაშე უნდა იყოს მართალი", - აცხადებს ცაგარელი.

კომენტარები