ვენეციის კომისიის დასვკნა

წულუკიანი: უნდა მივულოცო საქართველოს, ძალიან მალე ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყოლება

უნდა მივულოცო საქართველოს, ძალიან მალე ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყოლება, - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან 11 მარტს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.   
მისი თქმით, მთავრობა არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომელიც მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ამოწურვის შესაძლებლობას ეხება.  
"რა თქმა უნდა, ისინი უნდა შეიცვალონ და იყვნენ არჩეული პარლამენტის, თუ მოსამართლეთა კორპუსის მიერ, ახალი კრიტერიუმების დაცვით. საქართველოს ძალიან მალე უნდა ჰყავდეს იუსტიციის ახალი უმაღლესი საბჭო, რომელიც იქნება დეპოლიტიზებული და ეყოლება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მოსამართლეთა დანარჩენი ნაწილის მიერ რჩეული. პარლამენტს მივცემთ ორკვირიან ვადას, თავიდან აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა", - განაცხადა წულიკიანმა. 
თეა წულუკიანის თქმით,  ვენეციის კომისია იუსტიციის საბჭოს რეფორმას ძირითად ასპექტებში იწონებს. მინისტრი აღნიშნავს, რომ კომისიამ მოიწონა, რომ ცვლილებების შემდეგ პრეზიდენტს არ ეყოლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წარმომადგენელი; ასევე საბჭოში აღარ იქნებიან პარლამენტარები.
"ამ მხრივ გვაქვს ცალსახა დასკვნა და მოვახდენთ იმას, რასაც დავპირდით ჩვენს ამომრჩევლებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება ბოლომდე დეპოლიტიზებული და გახდება ნეიტრალური ორგანო", - აღნიშნა წულუკიანმა. 
იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებს არ უნდა წარმოადგენდეს მოსამართლეთა მხოლოდ ერთი ჯგუფი. 
"დღეს გვაქვს სიტუაცია, როცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა რამდენიმე ასეულ კორპუსს წარმოადგენს მოსამართლეთა ერთი ჯგუფი - თავმჯდომარე, მოსამართლეები. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ შემადგენლობაში 8 მოსამართლე წევრიდან ერთადერთი წევრი აკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს, დანარჩენი ყველა წევრი არის არჩეული იმ მეთოდით და კრიტერიუმით, რომელიც არ შეესაბამება ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულ ჩვენს რეფორმას. აქედან გამომდინარე, ჩვენ აგვინთეს მწვანე შუქი, რათა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს", - აღნიშნა წულუკიანმა. 

კომენტარები