ვენეციის კომისიის დასვკნა

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდა

11 მარტს, ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა საბოლოო დასკვნა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.
დასკვნის 75 პუნქტში კომისია მოკლედ აჯამებს ცვლილებების პროექტს და აცხადებს, რომ ''საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები აუჯობესებს ორგანული კანონის ბევრ დებულებას და აახლოებს კანონს ევროპულ სტანდარტებთან''.
აღსანიშნავია, რომ 11-გვერდიან დოკუმენტში ვენეციის კომისია დეტალურად მიმოიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის იმ სადავო დებულებებს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეხება.
ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მთავარ გაუმჯობესებად რამდენიმე პუნქტს ასახელებს:
1. პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია თავად მოსამართლეებისგან.
3. საბჭოს 6 წევრს აირჩევს პარლამენტი, მაგრამ ისინი არ იქნებიან პოლიტიკოსები, როგორც ეს ამჟამად არის. აღნიშნული კანდიდატები უნდა იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორები, ასევე, იმ არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სამართლის განხრით მუშაობენ.
4. ცვლილებების შემდეგ დაინერგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ფარული კენჭისყრით არჩევის წესი.
დადებითი შეფასების გარდა, ვენეციის კომისია ხელისუფლებას რეკომენდაციებსაც აძლევს. 
კომისიის აზრით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უნდა მიეცეთ თავიანთი მანდატის დასრულების საშუალება - სასამართლოების თავმჯდომარეებს, მათ პირველ მოადგილეებს, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს და ყველა იმ პირს, რომლებსაც აღნიშნული პოზიციები ეკავათ საბჭოს არჩევნებამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში. ვენეციის კომისიის დასკვნით, შესაძლოა, კანონმა დააწესოს შეზღუდვები, თუ რამდენი თავმჯდომარე შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ასევე, სასამართლოების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეებისთვის აუცილებელი გახდეს თანამდებობის დატოვება, თუკი მათ აირჩევენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
"ვენეციის კომისიის საქართველოში ვიზიტისას გახდა ცნობილი, რომ ამ ზომების მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მოქმედ აღმასრულებელ საბჭოში იმდენი ნაკლოვანებაა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი იურიდიული რეფორმა, რომელიც შეიძლება გატარდეს, უნდა მოხდეს საბჭოს შემადგენლობის სრული შეცვლით. კომისია აღნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს მნიშვნელოვანი ფუნქციაა, დაიცვას მოსამართლეები პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამიტომ, შეუსაბამო იქნება იუსტიციის საბჭოს სრულად განახლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ორგანული კანონი უფლებამისილების ოთხწლიან ვადას განსაზღვრავს. ამ პირობას არ აქვს კონსტიტუციური საფუძველი. მოქმედი კანონი, ისევე როგორც ცვლილებების პროექტი, განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის მანდატის ვადამდელი შეწყვეტის საფუძვლებს. თუმცა, არცერთი მათგანი არ მოიცავს ნორმებს, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მანდატი უნდა შეწყდეს, როდესაც დანიშვნის პროცედურა იცვლება", - აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში. 
გარდა ამისა, კომისიის მოსაზრებით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა ორი მესამედით უნდა მოხდეს, ან რომელიმე სხვა პროპორციული მეთოდით, ამასთანავე, უნდა არსებობდეს ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის მექანიზმი. 
კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ კანონპროექტიდან ამოიღოს ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კანონის მიღების შემთხვევაში უფლებამოსილება შეუწყდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა.
ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა. მისი თქმით, ''ვენეციის კომისია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოა, რომლის რეკომენდაციებიც ძალზე ღირებული და წონიანია''. 
აშშ-ის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან მიმართებით, ''კომპრომისზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული".
"ვენეციის კომისიის რეკომენდაციები პირადად არ წამიკითხავს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც უკავშირდება საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების უზრუნველყოფას. ვენეციის კომისია არის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანო, რომლის რეკომენდაციებიც ძალზე ღირებული და წონიანია. რამდენადაც ვიცი, ორივე მხარე სწავლობს რეკომენდაციებს და იმედია, მოხდება კომპრომისზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლო დამოუკიდებლობის წინ წაწევას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
კომისიის დასკვნას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კახა კოჟორიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს შემუშავებული კანონპროექტის ძირითადი არსი, ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულია, თუმცა არის საკითხები, რაზეც კომისიას განსხვავებული მოსაზრებები აქვს. 
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

კომენტარები