საპროტესტო აქცია

აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

11 მარტს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ხარისხის განვითარების ცენტრში დღეს აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი წყდება. 

სტუდენტები ხარისხის განვითარების ცენტრის სპეციალური სხდომის დასრულებამდე არ აპირებენ დაშლას. მათი თქმით, ისინი უნივერსიტეტს იცავენ და არ სურთ პოლიტიკური პროცესების გამო სტუდენტები „გაიჭყლიტონ“. ისინი მოითხოვენ, რომ სასწავლებელს ავტორიზაცია არ გაუუქმდეს. 

აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაცია მას შემდეგ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც ამავე უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლების ნაწილმა, სამინისტროს დარღვევების შესახებ აცნობა. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა შემოწმება, რომლის შედეგად დაიდო დაახლოებით 80-გვერდიანი დასკვნა. დასკვნაში საუბარია ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების დარღვევის ფაქტებზე. 
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მას ესწრებიან აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, მათ შორის უნივერსიტეტის რექტორი – ლაშა გოცირიძე.

კომენტარები