საქსტატი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 252 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა

2012 წელს ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 23%-ით შემცირდა. ამას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული, 2012 წელს ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოფიციალური მონაცემები აჩვენებს.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2012 წელს ინვესტიციები მთელი წლის განმავლობაში იკლებდა და მეოთხე კვარტალში ყველაზე მცირე რაოდენობა - 181 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს  მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 7.3%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 47.2%-ით ნაკლებია.

საქსტატის მიხედვით, 2012 წელს საქართველოში ინვესტიციები 66 ქვეყნიდან შემოვიდა. მათ შორის, ყველაზე მეტი - მთლიანი ინვესტიციების 16% ანუ 142 მილიონი აშშ დოლარი - გერმანიიდან.

2012 წელს ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი აღმოჩნდა. ამ დარგში მთლიანი ინვესტიციების 22% ანუ 192 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო. ინვესტიციებისთვის მიმზიდველი დარგების სამეულში მოხვდა ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებიც. თუმცა წინა წელთან შედარებით ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში 33 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო საფინანსო სექტორში - 12 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. 

კომენტარები