განათლების და მეცნიერების სამინისტრო

ბიძინა ივანიშვილმა გია დვალს ღია წერილი მისწერა

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელს, ფიზიკოს გია დვალს, ღია წერილი მისწერა. პრემიერი მას მადლობას უხდის, ოთხი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოსთვის.

''პირველყოვლისა მინდა, გითხრა მადლობა პირადად შენ და მთელ თქვენ გუნდს იმ სამუშაოსთვის, რომელიც ამ ოთხ თვეში შესრულდა. თქვენ ახერხებდით, არა მხოლოდ კონცეფტუალურ მუშაობას, არამედ აქტიურნი იყავით მედიაში და საზოგადო განხილვებში - ეს ის სწორი გზაა, როგორც იწყება და ხორციელდება ჭეშმარიტი რეფორმები. დღეს, როგორც შენ მომწერე, კონცეფტუალურ დოკუმენტზე მუშაობა ფაქტიურად დასრულებულია, ჩამოყალიბებულია ძირითადი ხედვა და დაუყოვნებლივ დასაწყებია რეფორმების პროცესი'', - ნათქვამია წერილში.

ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ განათლების მინისტრს დაევალა რეფორმების ''დაუყოვნებლივ დაწყება''.

''შენი წერილის შემდეგ, მე ვესაუბრე გიორგი მარგველაშვილს. მან დამიდასტურა, რომ მთლიანად ეთანხმება შენი კონცეფციის პრინციპებს. ასევე მითხრა, რომ საზოგადოებაში შენი კონცეფციის ალტერნატიული რაიმე სერიოზული შეხედულება არ განხილულა. ამის საფუძველზე მე დავავალე მას რეფორმის დაუყოვნებელი დაწყება'', - აღნიშნულია წერილში.

წერილის ბოლოს, ივანიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გია დვალი კვლავ აქტიურად ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. 

კომენტარები