დიმიტრი შაშკინი

შაშკინი: ჩემი მინისტრობის დროს, ციხეებში მხოლოდ გადატვირთულობის პრობლემა არსებობდა

განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ჟურნალისტებს შეხვდა. როგორც შაშკინმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზადაა, მთავრობაში მისი საქმიანობის პერიოდთან დაკავშირებით, ნებისმიერი საგამოძიებო უწყების შეკითხვას უპასუხოს.

"მე ვარ საქართველოს მოქალაქე, კონსტიტუციით მაქვს მოვალეობა, რომ გავცე ყველა შეკითხვას პასუხი. რა შეკითხვაც ექნება მედიას, საზოგადოებას, საგამოძიებო სამსახურს თუ ნებისმიერ სხვა უწყებას, მზად ვარ მათთან ვითანამშრომლო", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე განმარტებით, მისი სასჯელაღსრულების მინისტრობის პერიოდში, ციხეებში არსებობდა მხოლოდ გადატვირთულობის პრობლემა. რაც შეეხება პატიმართა წამებისა და არადამიანური მოპყრობის შესახებ გავრცელებულ კადრებს, შაშკინის თქმით, ეს კადრები მისთვისაც "ადამიანური კატასტროფა იყო".

"როცა მე სასჯელღასრულების მინისტრი ვიყავი ომბუდსმენი იყო სოზარ სუბარი, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრული ურთიერთობა არ გვქონდა, ციხეებში სისტემური დარღვევები და ისეთი ფაქტები, რომლის შესახებაც კადრები გავრცელდა, არ ფიქსირდებოდა. ჩემი მინისტრობის დროს გამოქვეყნდა ორი მონიტორინგის შედეგი, რომელმაც აჩვენა, რომ პრობლემები იყო, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი წარმაოდგენდა გადატვირთულობას", - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

შეგახსენებთ, განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდა. 

კომენტარები