ტარიფები

კახა კალაძე: ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, კახა კალაძის ცნობით, ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"დაწყებულია ყველა იმ დანაპირების შესრულება, რომელიც კოალიცია ქართულმა ოცნებამ მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მისცა და ჩვენ აუცილებლად ყველა დანაპირებს შევასრულებთ", - განაცხადა კახა კალაძემ. 

კახა კალაძის განცხადებით, შემცირებული გაზის ტარიფით საქართველოს მოსახლეობა დღეიდან ისარგებლებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით თვალაბეიშვილმა განმარტება გააკეთა. 

"ტარიფის შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავლების ხარჯზე, კერძოდ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ შეამცირა კომპანია სოკარ გაზ ექსპორტ იმპორტისთვის ბუნებრივი გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისათვის მისაყიდი გაზის ფასი, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ქვეყნის მოსახლეობამ შემცირებულ ფასად მიიღოს ბუნებრივი გაზი", - აცხადებს დავით თვალაბეიშვილი.

კომენტარები