რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლავროვი: საქართველოს ახალი მთავრობა პრაგმატულად მოქმედებს

საქართელოს ახალი მთავრობა პრაგმატულად მოქმედებს და რუსეთი მზად არის საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიპლომატიური აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრისას. თუმცა, ლავროვის თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში  ძმების ღალატის" ხარჯზე არ მოხდება.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა სტუდენტმა დასტური ითხოვა, რომ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს არაფერი ემუქრება. საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტ პუტინის განცხადება გაიხსენა. 2012 წლის დეკემბერში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი პასუხობს საქართველოს მთავრობის პოზიტიურ ნაბიჯებს, თუმცა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება.

ლავროვის თქმით, 2008 წლის ომამდე, საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოლაპარაკების შანსი არსებობდა, თუმცა სააკაშვილმა ეს მცდელობები ჩაშალა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი აგვისტოს ომის შემდეგაც ეცადა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე ელაპარაკა საქართველოსთან, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა ამას რევანშისტული განცხადებებით უპასუხა.

ლავროვმა ასევე ისაუბრა ქართველ ხალხთან მეზობლურ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ რუსეთს არ სურდა საქართველოს იზოლაცია, მაგრამ "სააკაშვილის რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, დიპლომატიური ურთიერთობები გაეწყვიტა".

„ახლა, საქართველოს ახალი მთავრობა პრაგმატულად მოქმედებს და თუ არსებობს ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესი – რომელიც სრულად არასდროს შეწყვეტილა, ენერგეტიკის სფეროში და სხვა დარგებში ჩვენი კომპანიები იქ მუშაობენ – თუ არსებობს ჰუმანიტარული კავშირების, საჰაერო მიმოსვლის განვითარების ინტერესი, ჩვენ მზად ვართ ამ სფეროებში ურთიერთქმედება განვავითაროთ, მაგრამ არა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი ძმების ღალატის ხარჯზე. ეს არასდროს მოხდება“, – განაცხადა ლავროვმა.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა თავის რუს კოლეგასთან 1-ლ მარტს, პრაღაში გაიმართება. 

კომენტარები