დათა ახალაია

დათა ახალაიას სასამართლო პროცესი 28 მარტისთვის გადაიდო

კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას სასამართლო პროცესი 28 მარტისთვის გადაიდო. როგორც ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.

ზაქარეიშვილის განმარტებით, სასამართლო პროცესის ორი თვით გადადება, პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გაზრდის მოტივით მოითხოვა, სასამართლომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომა 28 მარტისთვის ჩაინიშნა. 

"მიმაჩნია, რომ დათა ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ქმედებაში დანაშაულის არარსებობის გამო. გამოძიება ამაოდ ცდილობს მოიპოვოს გამამტყუნებელი მტკიცებულებები ახალაიას წინააღმდეგ. ახალაიას პოზიცია ჩემთვის სრულად და ამომწურავად არის ცნობილი. ამ ეტაპზე იგი საქართველოში დაბრუნებისაგან თავს იკავებს. იქიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ უსამართლოდ ხორციელდება პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი დევნა", - აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.

შეგახსენებთ, დათა ახალაიას პროცესი 22 თებერვილისთვის იყო ჩანიშნული. ახალაია და კუდ-ის სხვა მაღალჩინოსნები უფლებამოსილების გადამეტებაში, კერძოდ პოლიციელების ცემაში არიან ბრალდებული. დათა ახალაიას თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც ედება ბრალი.

კომენტარები