საქართველო-აშშ

ფანჯიკიძე: დახმარების შემცირების მიზეზი აშშ-ის საბიუჯეტო პრობლემებია

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს დახმარება უმცირდება. ფანჯიკიძის თქმით, დახმარების შემცირების მიზეზი, აშშ-ის საბიუჯეტო პრობლემებია.

"ამაში ახალი არაფერი არ არის. რატომ შეამჩნია ეს მედიამ მხოლოდ ახლა, ვერ გეტყვით. ეს არის ძველი პროექტი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სამი წლის პროექტს აქვეყნებს და ამ სამი წლის გეგმაში იყო შემცირება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მინისტრის განმარტებით, მიუხედავად ამისა, საქართველო არის ''მაინც ყველაზე დიდი დახმარების მიმღები ქვეყანა''.

როგორც ცნობილია, ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს დახმარებას 24 პროცენტით უმცირებს. საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების მოცულობა 85-დან 68.7 მლნ დოლარამდე მცირდება, თუმცა რეგიონში ყველაზე დიდი დახმარების მიმღებ ქვეყნად რჩება. 

კომენტარები