საქართველო-აშშ

ფანჯიკიძე: კონგრესმენებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს ავღანეთში ჩვენი წვლილის გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფანჯიკიძემ განაცხადა, კონგრესმენებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს, ავღანეთში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის გამო.

"განსაკუთრებული მადლიერება კონგრესმენებმა გამოხატეს ავღანეთში ჩვენი წვლილის გამო. მოგეხსენებათ, ჩვენ NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ჯარისკაცი გვყავს ავღანეთში. 1 600 ქართველი ჯარისკაცია ამჯერად ავღანეთში და ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ 2014 წლის შემდეგაც დავრჩებით იქ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ ქვეყანაში სტაბილურობას. ამის გამო თითოეულმა მათგანმა გამოხატა ძალიან დიდი მადლიერება და ისაუბრა ქართველი ჯარისკაცების მამაცობაზე, მათ პროფესიონალიზმზე და დიდ წვლილზე სამშვიდობო ოპერაციაში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის, ევრაზიისა და მოსალოდნელი საფრთხეების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დანა რორაბაქერმაც.

"კარგად ვიცით განსხვავებებიც და სირთულეებიც, რომელიც ახლავს კოაბიტაციას. ჩვენს ქვეყანაში ხშირად არის პრობლემები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ურთიერთობებში. ჩვენ ნამდვილად სრული წარმოდგენა გვაქვს იმ სირთულეებზე, რომელიც შეიძლება ახლდეს დემოკრატიულ პროცესებს, მაგრამ ვუსურვებდით საქართველოს წარმატებას იმ გზაზე, რომელზეც დგას", - აღნიშნა დანა რორაბაქერმა.

რორაბაქერმა საქართველოს მოსახლეობას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველო პროგრესული ქვეყანა და აშშ-ის კარგი პარტნიორია.  

შეგახსენებთ, საქართველოს საგერეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოში მყოფ ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა. დელეგაციაში, დანა რორაბაქერის გარდა, შედიან წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ბრაიან ჰიგინსი, ტედ პო და პოლ კუკი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი.

კომენტარები