საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფანჯიკიძე: გამოწვეული ელჩები სამინისტროს დავალებებს არ ასრულებენ

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ დღეს პარლამენტში ახალ ელჩებს დაამტკიცებენ. ფანჯიკიძის თქმით, გამოწვეული ელჩები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან პოსტებზე, არ ასრულებენ სამინისტროს დავალებებს.

"პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, იმ ელჩებს, რომელთა გამოწვევაც ჩვენ მოვითხოვეთ, შესაბამისი ვადა დაუწესდა, ზოგს 1-ლ მარტამდე, ზოგს 15 მარტამდე, ზოგს 1-ლ აპრილამდე და ისენი ჯერ არიან თანამდებობებზე. მე მინდა აღვნიშნო, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი არჩევანი, კონკრეტულ ქვეყნებში შეგვეცვალა ელჩები, იყო სწორი. იმის მიხედვით, რა ინფორმაციებიც მოდის, სამწუხაროდ, ისინი ძალიან ხშირ შემთხვევაში არ ასრულებენ სამინისტროდან მიღებულ დავალებებს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ასეთი დავალება იყო მთავრობის 100 დღის ანგარიშის წარდგენა ადგილსამყოფელ ქვეყნებში'', - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 

რაც შეეხება ელჩობის ახალ კანდიდატებს, ფანჯიკიძის განცხადებით, წარდგენილი არიან მაღალი დონის პროფესიონალები. 

"ელჩობის კანდიდატებს ჰქონდათ საკომიტეტო მოსმენები, ასევე შეხვედრები უმრავლესობასა და უმცირესობასთან. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ჩვენ წარდგენილი გვყავს ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები. ძალიან ბევრი მათგანი არის კარიერული დიპლომატი და უბრუნდება დიპლომატიურ სამსახურს", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მინისტრის განმარტებით, საბოლოო ჯამში, ელჩი 19 ქვეყანაში იცვლება, აქედან 5 - როტაციის პრინციპის საფუძველზე, რამდენიმემ კი, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

კომენტარები