უეფას ჩემპიონთა ლიგა

შვაინშტაიგერი: ორივე გუნდისთვის ძალიან რთული მატჩი იქნება

ლონდონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში ერთმანეთს ადგილობრივი არსენალი და მიუნხენის ბაიერნი შეხვდებიან.

ლონდონელები პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ მანჩესტერ იუნაიტედს 21 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგას 57 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.

- უკვე მეორე წელია ბაიერნის მწვრთნელი ვარ . შარშან ვერაფერი მოვიგეთ, ორი წელი უტიტულოდ კი ამ კლუბისთვის წარმოუდგენელია.  არსენალი ძალიან კარგი გუნდია, განსაკუთრებით შეტევაში, ამიტომ ჩვენი მცველები ყურადღებით უნდა იყვნენ. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ შესაძლებლობებს სრულად გამოვავლენთ, მოგებას შევძლებთ, - განაცხადა იუპ ჰაინკესმა.

ლონდონელების მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა ბასტიან შვაინშტაიგერმა:

- ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის ძალიან რთული მატჩი იქნება. ჩვენც და არსენალსაც ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის დიდი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ერთმანეთის ძალებს პატივი უნდა ვცეთ. ვიცი, რომ მეტოქემ უკანასკნელი მატჩი ბლექბერნთან წააგო, მაგრამ ამის გამო ისინი გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებენ.

ბაიერნს ტრავმის გამო ბადშტუბერი და პიზარო, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო ბოატენგი დააკლდება.

არსენალს პრობლემები აქვს დაცვის მარცხენა ფლანგზე: კირან გიბსი ტრავმირებულია, ანდრე სანტუში კლუბმა ბრაზილიაში გაანათხოვრა, ხოლო ახლახან შეძენილ ნაჩო მონრეალს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს.

მატჩი სამშაბათს, ლონდონში, ემირეითს სთედიუმზე თბილისის დროით 23:40-ზე გაიმართება.

კომენტარები