საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ გამართული ღონისძიების შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც ღონისძიების დასრულების შემდეგ რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, ''საუბრის ტონი ერთობ შემრიგებლური იყო''.
"ჩვენ ვესაუბრეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს. კვალავაც ვისაუბრეთ იმავე საკითხებსა და პრინციპებზე, რომელიც გულისხმობს კანონით მართვას. საუბრის ტონი, რომელიც მე მოვისმინე, ერთობ შემრიგებლური იყო და ვფიქრობ, ეს ამყარებს მოლაპარაკებების ფონს, რომელიც ორ მხარეს შორის დაიწყო, რათა უახლოეს თვეებში მოახდინონ პრობლემის გადაჭრა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, მთავრობის 100-დღიანი მუშაობის ანგარიში სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ მოამზადა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.