საგარეო ურთიერთობები

ვაშაძე: რუსეთთან ამჯერადაც არაფერი გამოგვივა, თუ სუვერენიტეტზე და NATO-ზე უარს არ ვიტყვით

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლების საგარეო კურსის შეფასებისას, მისთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელია აფხაზეთში რკინიგზის გახსნის, ოკუპაციის კანონში ცვლილებების შეტანის და პარლამენტში წარმოდგენილი 14-პუნქტიანი შეთანხმების საკითხები. ვაშაძემ ამის შესახებ გაზეთ 24 საათთან ინტერვიუში განაცხადა. ყოფილი მინისტრის განცხადებით, ასევე დიდ საშიშროებას წარმოადგენს რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა, რადგან ამან ჟენევის მოლაპარაკებები შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს. ვაშაძის თქმით, ის იზიარებს ნაციონალური მოძრაობის სურვილს, კონსტიტუციაში საქართველოს საგარეო კურსის შესახებ პუნქტის ჩაწერასთან დაკავშირებით. 

ვაშაძის თქმით, აფხაზეთის გავლით რუსეთში რკინიგზის გახსნა განსაკუთრების საშიშია. ყოფილი მინისტრის განცხადებით, რადგან აფხაზეთი ოკუპირებული რეგიონია და ის რუსეთს აღიარებული აქვს როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რუსეთი საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებისას ან აფხაზეთს ხელშეკრულებაში მოიხსენიებს ან საქართველოს სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას მოსთხოვს.

ამასთან ერთად, ვაშაძე აღნიშნავს სასაზღვრო გამშვები პუნქტების დაყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ შორის იმასაც, რომ აფხაზეთი საკუთარი ბაჟის მოკრებას ეცდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ შეხვდება. ვაშაძის თქმით, მისთვის ასევე გაუგებარია თუ ვინ შეასრულებს სასაზღვრო პროცედურებს. ყოფილი მინისტრის აზრით, გულუბრყვილოა განცხადება, თითქოს რკინიგზის აღდგენით ქართველ და აფხაზ ხალხს შორის კულტურული ურთიერთობა აღდგება, რადგან მატარებელი ამ ტერიტორიას დაპლომბილი გაივლის და "მასში ჩიტიც ვერ შეფრინდება". ვაშაძის თქმით, შეცდომაა, რომ ამ საკითხზე საუბარში მხოლოდ რეინტეგრაციის სამინისტროა ჩართული, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი მოლაპარაკებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ რუსეთთან არბიტრის გარეშე მოლაპარაკება არ შეიძლება. აქამდე ამ როლს შვეიცარია ასრულებდა. ვაშაძის თქმით, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჟენევის მოლაპარაკებებს. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ეს მოლაპარაკება ზიანდება, ასევე საფრთხის ქვეშ დგება მთლიანად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების დიპლომატია და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამასთან დაკავშირებული რეზოლუციების მიღება, რადგან რუსეთი ახლა ყველას ეუბნება, რომ საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკება აქვს და, შესაბამისად, სხვა არავის ჩართვა საჭირო არ არის. 

გრიგოლ ვაშაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს "ნაჭუჭში" ჩაკეტვის დამღუპველობას. ამ მხრივ ვაშაძე ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებით საქართველოს დიპლომატიური აქტიურობის შემცირების საფრთხეზე საუბრობს.

ვაშაძემ ხაზი გაუსვა საქართველო-რუსეთის გამარტივებულად დანახვის პრობლემასაც. 

"მათ [ახალ ხელისუფლებას] ეჩვენებათ, რომ 1991 წლიდან მოყოლებული ქართული დიპლომატია მარტივი პრობლემების გამო ქმნიდა ხელოვნურ დაბრკოლებებს, რაც სრული სისულელეა. ყველა ნაბიჯი გადადგმული იყო არსებული რელობიდან გამომდინარე. რუსეთის ფედერაციასთან ამჯერადაც არაფერი გამოგვივა, თუ ჩვენ უარს არ ვიტყვით ორ ფუნდამენტურ საკითხზე - პირველი ასეთი საკითხი გლობალურს თუ არა, რეგიონულ ხასიათს ატარებს - რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამო, სამხრეთ კავკასიაში დაკარგა სტრატეგიული როლი. რუსეთის ფედერაციას ამ როლის დაბრუნება სურს და აქ ჩვენი ინტერესები უკვე შეუთავსებელია, რადგან ამის დაბრუნება მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზეა შესაძლებელი.

და მეორე საკითხი - რუსეთიდან ძალზე მკაფიო გზავნილია - სანამ საქართველო უარს არ იტყვის ნატო-ში გაწევრიანებაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მუდმივად იქნება ჩიხში და თქვენი ტერიტორიული მთლიანობა შეგიძილიათ დაივიწყოთ! - ეს არის რუსეთის გზავნილი, ეს გზავნილი ჩამოიტანეს იმ ე.წ. რუსმა ექსპერტებმა, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ და ქართული საზოგადოების ნაწილს ლექციები წაუკითხეს; ეს გზავნილები ისმის რუსეთის ტელევიზიებიდან. ნატო-ზე უარი ასი პროცენტით გამოიწვევს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დავიწყებას," განუცხადა ვაშაძემ 24 საათს.

ვაშაძემ ოკუპაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აბსურდია, როდესაც არაოკუპანტი სახელმწიფოდან საზღვრის უკანონო გადმოკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულია, ოკუპანტიდან კი - ადმინისტრაციული.

ვაშაძის თქმით, შემაშფოთებელია 14 პუნქტიან გეგმაში რუსეთთან და ევროკავშირთთან ურთიერთობების დისბალანსი: ნატო და ევროინტეგრაცია მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები, მაშინ როცა რუსეთი 4-ჯერ. ვაშაძეს ასევე გაუგებრად მიაჩნია, როგორ შეიძლება საქართველო არ ფიგურირებდეს ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს, აშშ-ს შორის ურთიერთობაში.  

 

კომენტარები