საგარეო ურთიერთობები

ყოფილი ელჩი ხათუნა სალუქვაძე ლიტვურ გამოცემას სიცრუეში ადანაშაულებს და ჩივილს აპირებს

რუსთავი2

ლიტვაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ხათუნა სალუქვაძე ამბობს, რომ აუცილებლად უჩივლებს იმ სააგენტოს რომელმაც დაწერა, რომ ვილნიუსის სასამართლომ მას ბინის ქირისა და ჯარიმების გადახდა დააკისრა. სალუქვაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია. 

სალუქვაძე რუსთავი2- თან ინტერვიუში ამბობს, რომ მის წინააღმდეგ შავი პიარი აგორდა, რომელიც საქართველოსა და ლიტვის ურთიერთობების გაფუჭებისთვის არის მიმართული. 

ყოფილი ელჩის თქმით, ბინის მეპატრონესა და მას შორის დაძაბულობა 2018 წლის ივლისიდან დაიწყო. მისი თქმით, ბინაში სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, გაძარცვეს და რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ნივთები წაიღეს. სალუქვაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ მეპატრონეს უსაფრთხოების ზომების მიღება სთხოვა. საპასუხოდ კი სახლის პატრონმა, მანუელ რუის გარსიამ მას დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვა. 

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მანუელ რუის გარსიას მიეცა საფუძველი თავისი "არაკეთელისინდისიერი განზრახვა მოეყვანა სისრულეში და მოეთხოვა მეტი თანხა ვიდრე მას ეკუთვნოდა". 

"ეს არის აბსოლუტურად ტყუილი, არასწორი, თითიდან გამოწოვილი ამბავი და რატომ შეფასდა ეს სკანდალად, ე.წ გადაგდებად და გადაუხდელობად. ჩემთვის მეტყველებს იმაზე რომ ამაში გარკვეული ძალები იყვნენ დაინტერესებულები..... გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი წამოსვლის თარიღი ლიტვიდან რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაფერი რაც გადასახდელი იყო და რაც რეგულირდება კონტრაქტით, გადახდილია"- აღნიშნა მან.  

ლიტვურმა გამოცემამ Lietuvos Rytas-მა დაწერა, რომ ბინის მფლობელი, სადაც სალუქვაძე ლიტვაში დიპლომატიური მისიის დროს ცხოვრობდა, სალუქვაძისგან 8 ათასი ევროს ქირის საფასურს, 150 ევროს ჯარიმებსა და 1 500 ევრომდე მოსაკრებლის ანაზღაურებას ითხოვდა. მედიის ცნობით, სასამართლომ გარსიას მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ხათუნა სალუქვაძეს განაჩენის გასაჩივრების უფლება ჯერჯერობით არ გამოუყენებია და დავალიანებასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

ხათუნა სალუქვაძე ლიტვაში საქართველოს ელჩის პოსტს თითქმის 6 წლის განმავლობაში იკავებდა. მან დიპლომატიური საქმიანობა ლიტვაში მიმდინარე წლის მარტში დაასრულა, ამ პოზიციაზე იგი ლევან ღვაჩლიანმა შეცვალა.

კომენტარები